„ბორჯომის“ ციფრები და მფლობელები

„ბორჯომის“ ციფრები და მფლობელები

“აიდიეს ბორჯომი საქართველოს” შემოსავალმა 2019 წელს $140.17 მილიონი შეადგინა, ხოლო მისი წმინდა მოგება $17.3 მილიონი იყო. აღნიშნული კომპანია ისეთ ბრენდებს აწარმოებს, როგორიცაა “ბორჯომი”, “ლიკანი”, “ბაკურიანი” და “მიტარბი”.

ცნობისთვის, “აიდიეს ბორჯომი“ გლობალური კომპანიაა, რომლის პროდუქციაც 40-მდე ქვეყანაში იყიდება. ქვეყნების მიხედვით, კომპანიის 2019 წლის გაყიდვები შემდეგნაირად ნაწილდება:

რუსეთი – $59 მილიონის შემოსავალი;
საქართველო – $37.5 მილიონის შემოსავალი;
ბალტიისპირეთის ქვეყნების შემოსავალი – $14.6 მილიონი;
ყაზახეთი – $11.7 მილიონი;
ბელარუსი – $8.4 მილიონი;

“აიდიეს ბორჯომი საქართველო“ IDS Borjomi International-ის შემადგენლობაშია, რომლის აქტივებშიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც შედის. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, სადაც მინერალურ წყალ Моршинська-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს, რომელსაც ქალაქ კოსტრომაში ასხამენ.

კომპანიისა და მისი მფლობელის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, “ბორჯომის” საკონტროლო წილს რუსული ფინანსური ჰოლდინგი Alfa Group-ი ფლობს, რომლის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია. ფრიდმანის ქონება Forbes-ის მიერ $15.5 მილიარდად არის შეფასებული. ფრიდმანი ასევე არის აქტივების ზომით რუსეთის მეოთხე უმსხვილესი ბანკის Alfa Bank-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

2021 წელს IDS Borjomi International-მა 7 მილიარდი რუბლის ($95 მილიონი დოლარის ობლიგაციები) გამოუშვა. ინვესტორთათვის მომზადებულ პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ 2020 წელს კომპანიის გლობალურმა გაყიდვებმა 33.5 მილიარდი რუბლი, ანუ $455 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, IDS Borjomi International-ის შემოსავლის ნახევარზე მეტი არა უშუალოდ “ბორჯომის” ბრენდების, არამედ რუსული და უკრაინული წყლების გაყიდვებისგან ფორმირდება.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიის 60%-იან წილს Alfa Group-ი ფლობს, 40% კი მინორიტარი აქციონერების საკუთრებაშია, თუმცა ამ აქციონერების ვინაობა დოკუმენტში დასახელებული არაა.

ცნობილია ის, რომ 2013 წლამდე IDS Borjomi International-ის ძირითად მესაკუთრეს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საინვესტიციო ფონდი Salford Capital Partners-ი წარმოადგენდა. ამ აქტივებს პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე განკარგავდა, რის შემდეგაც კომპანიის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა შეიძინა. უცნობია, წარმოადგენს თუ არა ამჟამად პატარკაციშვილების ოჯახი  IDS Borjomi International-ის მინორიტარ (40%-ის მფლობელ) აქციონერს.

ცნობისთვის, 18 მაისს „ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროფკავშირებთან ერთად გაფიცულებმა არაერთი შეხვედრა გამართეს კომპანიის წარმომადგენლებთან. მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *