პატარა ქალაქი დიდი ექსპოზიციით

Lisi-BV-05-C

ყველა ქალაქს თავისი ისტორია აქვს. დაარსება, მოვლენები და განაშენიანება – ასე ყალიბდება ადგილები, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. ყველა ქალაქი მუზეუმს ჰგავს მუდმივმოქმედი გამოფენით, სადაც სიძველე და თანამედროვეობა სინთეზურ ექსპოზიციას ქმნიან.

ურბანული შენობები, მიუხედავად ფუნქციური მსგავსებისა თუ განსხვავებისა, თავის ინდივიდუალურ როლს ასრულებს ქალაქის ჩამოყალიბებაში. ზოგს მათი ისტორია იზიდავს, ზოგს – თემატურობა. ხშირად ვიზუალური მხარე ხდება ამა თუ იმ ნაგებობის მოწონების მიზეზი. შენობები, სადაც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ ან დროს ვატარებთ.

საკუთარ ქალაქში თავს არასოდეს ვგრძნობთ ტურისტად, რადგან ვცხოვრობთ და ვეჩვევით.  მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ქალაქში შენობა, რომელიც ჯერ არ გვინახავს. შეიძლება ფიქრებში გვინატრია, წარმოსახვაში აგვიგია, მაგრამ რეალობაში არ შევხვედრივართ. არადა ქალაქი სავსეა ფიქრებში აგებული შენობებით, ისინი ჩვენთან შეხვედრას ელიან, ფეხს არ იცვლიან და უძრავად გველოდებიან.

ხანდახან, ჩვენი ქალაქის დროებითი ვიზიტორები მეტს ხედავენ, უკეთ აფასებენ და უყვარდებათ ის, რაც ჩვენთვის შეუმჩნეველია.

ქალაქის მცხოვრებლები დროებით ცვლიან ადგილებს, ხდებიან ერთმანეთის სტუმრები. ასეთი მიგრაცია ხდის ქალაქს სიცოცხლისუნარიანს, მზის შუქზე – აქტიურს, ღამე – განათებულს.

ყველა ქალაქი მუზეუმია, დიდი და მრავალფეროვანი ექსპოზიციით, მაგრამ განსხვავებული მასშტაბით. ხანდახან ქალაქის ზომის სიმცირე მისი დიდი ისტორიის გადამფარველია.  თბილისიც ასეთია, მცირე ზომის და დიდი ისტორიის მქონე.

ჩვენი დედაქალაქის ტერიტორიაზე 6000 წელია, რაც ადამიანი სახლობს, მაგრამ ქალაქის სტატუსს ის დაახლოებით 1500 წელია, ატარებს. ამ ფაქტებზეც დღევანდელი ისტორიული და იმჟამინდელი ურბანული შენობები გვაწვდის ინფორმაციას –  ის, რაც მიწის ზემოთ შემოგვრჩა ან მიწის ქვეშ შემოგვენახა. ერთი რამ ცხადია:  ადგილი, სადაც დღეს დედაქალაქია გაშენებული, 60 საუკუნის მანძილზე იზიდავდა ადამიანს.

„დელისის ნასახლარი“, ასე ეწოდება ადგილს, რომლის შესახებაც  მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გახდა ცნობილი – აქ, დღევანდელი ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბრინჯაოს ნივთები აღმოჩნდა.

ვაკეში აღმოჩენილია ქვასამარხი გვირგვინის ფურცლებით და ოქროს მონეტებით, რომელიც იმპერატორ ავგუსტუსის დროსაა მოჭრილი.

„საჯოგეს ნასახლარი“ დიდი დიღმის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი უადრესი ტიპის დასახლება კავკასიაში, რომელიც ძვ.წ. XV-XIII საუკუნეებით თარიღდება.

„ათეშგა“ – ცეცხლის ტაძარი, რომელიც ძველ თბილისში მდებარეობს, გომის ქუჩაზე.

თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ადრე ბრინჯაოს ხანის პერიოდიდან, ლისის ტბისკენ მიმავალ გზაზე.

კალას ციხე, რომელსაც დღევანდელი ნარიყალას სახელით ვიცნობთ, 15 საუკუნეზე მეტი ხნის წინ აშენდა. „ტფილ“ წყლებთან სიახლოვე იმჟამინდელი მოსახლეობისათვის მიმზიდველი იყო. ისიც ურბანული შენობა იყო. ქალაქის გული, საწყისი, საიდანაც დედაქალაქის საექსპოზიციო დარბაზში პირველი ექსპონატი დადგეს. ამ საექსპოზიციო სივრცეს შეგვიძლია დღევანდელი ძველი თბილისი ვუწოდოთ, სადაც კალას ციხის ნანგრევები სილუეტურად არის შემორჩენილი, უძრავი ექსპონატის სახით.

თბილისის განვითარების მეორე ეტაპის ადგილად დღევანდელი ისნის ტერიტორია შეგვიძლია მივიჩნიოთ – იმჟამინდელი „სოღდებილის“ სახელით ცნობილი, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

ქალაქი ვითარდებოდა, იზრდებოდა მტკვართან და მის გარშემო. მტკვრის ვიწრო ადგილებში ხიდები იდებოდა და ტერიტორიები ერთმანეთს უკავშირდებოდა, ქალაქის ერთი მხარე მეორე მხარეს ითვისებდა და პირიქით. კალა, აბანოთუბანი, სეიდაბადი… სიცოცხლე დუღდა, ქალაქი ვითარდებოდა, ექსპოზიცია მრავალფეროვანი ხდებოდა.

თბილისში ბევრმა იარა, ზოგი დარჩა, ზოგმა დატოვა. მსოფლიოს ქალაქების მსგავსად, ისიც შენდებოდა და ინგრეოდა.

ხალხი დედაქალაქში ჩამოდიოდა. მოსწონდა და საცხოვრებლად სხვასაც ეძახდა. პოპულაცია გაიზარდა, მასთან ერთად კი ნაგებობებმაც იმატა.

საცხოვრებელი შენობების მშენებლობას მე-20 საუკუნის 20-ანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი. ყაზარმების ნაცვლად, საცხოვრებელი კვარტალების აშენება დაიწყო. მოსახლეობის მატებასთან ერთად, გაიზარდა სოციალურ-კულტურულ ცხოვრებაზე მოთხოვნა. ქალაქის მოსახლეობას აქტიურად დასჭირდა გამწვანება, კეთილმოწყობილი უბნები, სარეკრეაციო სივრცეები, შიდა ეზოები, სკოლები.

მოსახლეობის ზრდასთან ერთად, თბილისის გადაკეთება აუცილებელი გახდა. დაიწყო ახალი უბნების მშენებლობა, ქუჩების გაფართოება და ინფრასტრუქტურის მოწყობა.

დღესაც გამოწვევების წინაშე დგას თბილისი, უბნები იცვლიან შინაარსს და ითავსებენ ახალ ფუნქციას. ეს უკანასკნელი კი მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვით ყალიბდება. სამუშაო გარემო იქ, სადაც ცენტრი აქტიურად დატვირთულია, ხოლო საცხოვრებლად ადგილი, სადაც სიმშვიდით ტკბობაა შესაძლებელი.

ყველაფრის გადაკეთება შეუძლებელია, მაგრამ უკეთესის შექმნა აუცილებელი რეალობაა.  საბედნიეროდ, არსებობს კომფორტზე მორგებული არჩევანი. ქალაქში გვაქვს თანამედროვე შენობების ექსპოზიცია, სადაც ყველაფერია – საცხოვრებელი სივრცე, სიმწვანე, სარეკრეაციო ზონა, კეთილმოწყობილი ტერიტორია და სკოლა.

თბილისს მრავალფეროვანი ისტორია აქვს, რომელიც 15 საუკუნის წინ დაიწყო. ამ ტერიტორიას მანამდეც ბევრი ვიზიტორი ჰყავდა, მაშინაც კი, როდესაც ქალაქის სტატუსზე არავინ ფიქრობდა. ყველგან გვაქვს ძეგლი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს; ოქროს მონეტები ვაკეში,  ცეცხლის ტაძარი ძველ თბილისში, ძველი ნასახლარი დიღომში, ბრინჯაოს ხანის კერამიკული ექსპონატები ლისის ტბის გზაზე და სხვა…

თბილისი პატარა ქალაქია დიდი ექსპოზიციით, სადაც ყველაფერს თავისი ისტორია აქვს.

გააზიარე