ბრაზილიაში მიმდინარე აქციების გამომწვევი მიზეზები და ქვეყანაში არსებული ვითარება

ბრაზილიაში მიმდინარე აქციების გამომწვევი მიზეზები და ქვეყანაში არსებული ვითარება

სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, ბრაზილიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მემარცხენეთა ლიდერმა და ექსპრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ მოიპოვა. ინასიომ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების მეორე ტურში ხმების 50.9% დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ლულა ლათინური ამერიკის უდიდეს ქვეყანას 2003 წლიდან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ბრაზილიის ყოფილი ულტრამემარჯვენე ლიდერი ჟაირ ბოლსონარუ უკვე წლებია, ეჭვქვეშ აყენებს ბრაზილიის ხმის მიცემის ელექტრულ სისტემას და მას თაღლითობისგან დაუცველს უწოდებს. შესაბამისად, მოულოდნელი არც ყოფილა, რომ ბოლსონარუს არჩევნებში დამარცხება არ უღიარებია. დღეს კი, ლულას ინაუგურაციიდან ერთი კვირის თავზე, ბრაზილია აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც, აშშ-ში ტრამპის მხარდამჭერების მიერ ორიოდე წლის წინ კაპიტოლიუმზე შტურმის მსგავსად, კონგრესზე თავდასხმაში გადაიზარდა.

ბრაზილია მკვეთრად დაყოფილი ქვეყანაა, კონგრესზე შტურმი კი მიუთითებს, რომ ბრაზილიელთა ნაწილი მზადაა, შეტევა მიიტანოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, რომლებიც, მათი განცხადებითვე, მათ აღარ წარმოადგენენ. კონფლიქტში არა მხოლოდ მემარცხენეები და მემარჯვენეები არიან ჩართულნი, არამედ ისინიც, ვინც დემოკრატიული არჩევნების შედეგებს აპროტესტებს მაშინ, როდესაც ის მათ სურვილს არ შეესაბამება. ლულას ბევრი მოწინააღმდეგე პრეზიდენტის შესახებ ცრუ ინფორმაციებსაც ავრცელებს და ბრაზილიაში დაძაბულობას უფრო ამწვავებს.

შეგახსენებთ, რომ ლულას წარსულს ორი საპრეზიდენტო ვადის გარდა პატიმრობის წლებიც უკავშირდება. 2017 წლის მაისში სასამართლომ ლულა ქრთამის აღების, მართლმსაჯულების შეფერხებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა და 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა, რამაც ყოფილ ლიდერს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შანსი წაართვა. თუმცა ლულა 2019 წელს გაათავისუფლეს, ნასამართლობის გაუქმებით კი მას პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებისკენ გზა გაეხსნა. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ციხეში ყოფნის შემდეგ ლულას პრეზიდენტად დაბრუნება „სამარცხვინოა“.

ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მხარდამჭერი, 2022 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მის დამარცხებას არ აღიარებს. ისინი ბოლსონარუს მათ „გადამრჩენს“ უწოდებენ, რომელიც მათ ღირებულებებს – „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“ – იცავს. ბევრი მათგანი სამხედრო ყაზარმების წინაც დაბანაკდა და  ევედრებოდა ჯარისკაცებს, თუნდაც სამხედრო გადატრიალების ფასად, ლულას ინაუგურაცია შეეჩერებინათ. საბოლოოდ, ლულამ ფიცის დადება მაინც შეძლო და პრეზიდენტის სასახლეშიც გადავიდა.

ბოლსონარუმ არ აღიარა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება, არც ცერემონიაზე გამოცხადდა და ამის მაგივრად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ბოლსონარუს მხარდამჭერებში კი ლულას ინაუგურაციის შემდეგ ბრაზმა უფრო მეტად იმატა, ისინი მოქმედებაზეც გადავიდნენ. შედეგად, ბრაზილიის ულტრამემარჯვენე ლიდერის ათასობით მხარდამჭერი კვირას კონგრესში, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრა.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:30 საათზე, თავდასხმის შესახებ პირველი ცნობების გავრცელებიდან სამ საათში, უსაფრთხოების ძალებმა სამივე შენობის დაბრუნება მოახერხეს. პოლიციის განცხადებით, დაკავებულთა რაოდენობა სამას ადამიანს აღწევს.

ლულამ 31 იანვრამდე ბრაზილიაში ფედერალური უსაფრთხოების ინტერვენცია გამოაცხადა და პოლიცია ცენტრალური მთავრობის კონტროლს დაექვემდებარა. პრეზიდენტმა სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებს „არაკომპეტენტური“ უწოდა და დაუყოვნებლივი მოქმედების პირობა დადო.

საინტერესოა, რომ საპროტესტო აქციებს თავად ბოლსონარუ სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. ექსპრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ საჯარო შენობებში შეჭრა ზღვარს სცდება, ხოლო მშვიდობიანი დემონსტრაციები, კანონის ფარგლებში, დემოკრატიის ნაწილია.

პრესკონფერენციისას კი ლულამ ბოლსონარუ დედაქალაქში „უსაფრთხოების მხრივ არსებულ სისუსტეებში“ დაადანაშაულა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ საშუალება მისცა „ფაშისტებსა“ და „ფანატიკოსებს“, არეულობა გამოეწვიათ. „ვანდალებმა, რომელთაც შეგვიძლია, ფაშისტები და ფანატიკოსები ვუწოდოთ, გააკეთეს ის, რაც ქვეყნის ისტორიაში არასდროს მომხდარა“, – განაცხადა პრეზიდენტმა და ყველა მონაწილე პირის დასჯის პირობა დადო.

საჯარო შენობებზე თავდასხმები უკვე დაგმო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მას „დემოკრატიასა და ხელისუფლების სამართლიან გადაცემაზე“ შეტევა უწოდა. ბაიდენმა ბრაზილიის დემოკრატიულ ინსტიტუტებს სრული მხარდაჭერაც გამოუცხადა და დასძინა, რომ ბრაზილიელი ხალხის უფლებები არ უნდა დაირღვეს.