რა ეკონომიკური სარგებელი ექნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძელი ქვეყნებისთვის?

რა ეკონომიკური სარგებელი ექნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძელი ქვეყნებისთვის?

ფოტო: NYT

 

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს და 19 ივლისს საფინალო მატჩით დასრულდება. ტურნირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ფარგლებში, ჯამში 48 ეროვნული ნაკრები სამი მასპინძელი ქვეყნის — ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის — 16 სხვადასხვა ქალაქში მდებარე სტადიონებზე გამართავს შეხვედრებს.

თავად ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) წლევანდელი ჩემპიონატის ეკონომიკურ სარგებელზე მაღალ ფსონებს ჩამოდის და ამტკიცებს, რომ ტურნირი სამ მასპინძელ ქვეყანას დაახლოებით $30.5 მილიარდის გაუთვალისწინებელ შემოსავალს მოუტანს, ხოლო გლობალურ მშპ-ს სულ მცირე $40.9 მილიარდს შემატებს. ორგანიზაციის პროგნოზით, სანაკრებო ჩემპიონატთან კავშირში დამატებით 824,000 სამუშაო ადგილის შექმნასაც უნდა ველოდოთ.

თუმცა ტურნირის მოახლოებასთან ერთად, ანალიტიკოსები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რეალური სურათი შესაძლოა ბევრად უფრო მოკრძალებული იყოს, ვიდრე ამჟამინდელი გათვლებია. სწორედ ამ ვარაუდებს უყრის თავს Euronews-ი საკუთარ სტატიაში.

FIFA-ს შეფასებით, წლევანდელი ჩემპიონატის საერთო ხარჯი, მათ შორის ორგანიზაციის, მასპინძელი ქალაქებისა და ინვესტორების ხარჯები აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, $14 მილიარდს მიაღწევს. აქედან მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებზე $11 მილიარდი მოდის.

დანიური ბანკის, Saxo-ს ანალიზის თანახმად, ეს შეფასებები გაზვიადებულია და რეალურად, ექსპერტები საშუალოდ ბევრად ნაკლებ შემოსავალს პროგნოზირებენ, ვიდრე FIFA. მაგალითად, აშშ-ისთვის პროგნოზირებული ეკონომიკური ეფექტი, რაც $17 მილიარდადაა შეფასებული, მისი ეკონომიკური მასშტაბიდან გამომდინარე უმნიშვნელოა და მშპ-ის 0.1%-ზე ნაკლებს შეადგენს. შედეგად, სარგებელი იმდენად უმნიშვნელოა, რომ სანაკრებო ჩემპიონატი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალად ვერ ჩაითვლება.

Saxo-ს ანალიზის შეფასებითვე, მასპინძელ სამ სახელმწიფოს შორის შედარებით მოგებიან პოზიციაში შესაძლოა მექსიკა იყოს — ტურიზმზე დამოკიდებულ ეკონომიკაში ვიზიტორების შემოდინებას უფრო თვალსაჩინო ეფექტი ექნება. მექსიკისთვის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატიდან ეკონომიკური სარგებელი $3 მილიარდითაა განსაზღვრული, რაც მშპ-ის 0.2%-დან 0.5%-მდეა. განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტი კი ჩემპიონატს გვადალახარაში, მონტერეისა და მეხიკოში ექნება.

რაც შეეხება კანადას, ქვეყანა ტურნირის მასპინძლობით დაახლოებით $3.8 მილიარდის სარგებელს მიიღებს. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს შემოსავალი აუცილებლად უნდა აიწონოს იმ კოლოსალურ საზოგადოებრივ ხარჯებთან მიმართებით, რაც ქვეყანამ გაიღო.

Oxford Economics-ის კვლევით, აშშ-ის 11 მასპინძელ ქალაქში, როგორებიცაა თუნდაც ნიუ-იორკი, ჰიუსტონი და დალასი, ტურნირიდან ეკონომიკური სარგებელი ძირითადად სტუმარმასპინძლობისა და დასვენების სექტორში იქნება კონცენტრირებული, ხოლო სამუშაო ადგილების მატება მხოლოდ დროებითი იქნება. იმავე კვლევის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონატისთვის თითქმის არანაირი ახალი ინფრასტრუქტურა არ შექმნილა, საფეხბურთო ტურიზმის აქტივობა დიდწილად არსებულ ვიზიტორთა ნაკადს ჩაანაცვლებს. ახალი ეკონომიკური ღირებულების შექმნას კი, დიდი ალბათობით, არ უნდა ველოდოთ.

დამატებით, პესიმისტურ მოლოდინს აჩენს მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირების ბოლოდროინდელი ისტორიაც. მასპინძლობის საბოლოო ხარჯები, როგორც წესი, მნიშვნელოვნად ფარავს საწყის შეფასებებს. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ბენტ ფლივბიერგის კვლევით, მეგასპორტული ღონისძიებები თავდაპირველ ბიუჯეტებს საშუალოდ 172%-ით აჭარბებენ.

ბიუჯეტის გადახარჯვა ძირითადად იმ მიზეზით აიხსნება, რომ ჩემპიონატის გადადება შეუძლებელია, ხოლო როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტები ფერხდება, ღონისძიების მასპინძლები იძულებულნი ხდებიან, ნებისმიერ ფასად დააჩქარონ მშენებლობა. რაც,როგორც წესი, სახელმწიფო ფინანსებს შთანთქავს.

ცალკე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტურნირებისთვის აშენებული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი მათი დასრულების შემდეგ ყოველგვარ ფუნქციას კარგავს. სტადიონების შენახვა მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მათი დატვირთვა კი მინიმალურია. ამის მაგალითია ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალი და თუნდაც 2022 წელს კატარში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი. კატარის ჩემპიონატის ღირებულებამ რეკორდული $220 მილიარდი შეადგინა, თუმცა მისი გრძელვადიანი სარგებელი  კითხვებს აჩენს.

ამ მხრივ, 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატს არსებითად განსხვავებული პროფილი აქვს. აშშ-ს, კანადასა და მექსიკას უკვე აქვთ საჭირო ობიექტების უმეტესობა, რომელთაგან უმრავლესობას მოგებიანი პროფესიონალური სპორტული ფრენჩაიზები მართავენ — სტაბილური გულშემატკივრების ბაზით. შესაბამისად, წელს „თეთრი სპილოების“ რისკი საგრძნობლად დაბალია, თუმცა ბიუჯეტის გადახარჯვას მასპინძლები მაინც ვერ ასცდებიან.

ამის საპირისპიროდ, ამ ეტაპზე ყველაზე რეალური გამოწვევა დაბალი მოთხოვნაა. ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ადგილების ასოციაციის (AHLA) მიერ აშშ-ის 11 მასპინძელ ქალაქში ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 200-ზე მეტი სასტუმრო მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ამ ობიექტების თითქმის 80%-ში ჯავშნების მაჩვენებელი თავდაპირველ პროგნოზებზე ბევრად დაბალია. გამოკითხულებმა მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად ვიზის მიღების სირთულეები, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ბილეთებისა და მგზავრობის კატასტროფულად მაღალი ფასები დაასახელეს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნის კრიზისი აღმოიფხვრება, ექსპერტების განცხადებით, მშპ-ზე რეალური ზემოქმედების შეფასებები სიფრთხილით უნდა იქნეს განხილული. ზრდის დაფიქსირების მიუხედავადაც, როგორც წესი, ეს მატება მოკლევადიანია, ლოკალიზებულია და ნაწილობრივ კომპენსირდება მაკროეკონომიკური ფენომენით, რომელსაც ჩანაცვლებისა და გამოდევნის ეფექტებით მოიხსენიებენ. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინტერვენცია და გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები კერძო სექტორის აქტივობასა და ინვესტიციებს ამცირებს. შედეგად, საერთო მაკროეკონომიკური სარგებელი შეზღუდული რჩება, განსაკუთრებით – ამერიკის შეერთებული შტატების ზომის ეკონომიკისთვის.