ფოტო: APA
ბაქოს ენერგეტიკული კვირეულისა და „აშშ-აზერბაიჯანის ეკონომიკური დიალოგის“ პირველი ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის დაახლოებით $8 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებები და მემორანდუმები ენერგეტიკის, ინვესტიციებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროებში სხვადასხვა ქვეყნის — მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, სერბეთის, სან-მარინოსა და საფრანგეთის — წამყვან კომპანიებსა და ორგანიზაციებთან პარტნიორობას ითვალისწინებს.
აზერბაიჯანში გამართული მოლაპარაკებებისას ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბიზნესის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კალებ ორი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან ღიად ისაუბრა აშშ-ის ინტერესებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც, ამერიკული მხარის შეფასებით, ტრადიციული ნახშირწყალბადების ფარგლებს ბევრად სცილდება.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დამსწრეებს განუცხადა, რომ ვაშინგტონს სურს უფრო აქტიური როლი შეასრულოს იმ მილსადენებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელთაც აზერბაიჯანი აშენებს. ამასთან, ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა „შუა დერეფნის“ პროექტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს სატრანსპორტო და ენერგეტიკულ მარშრუტს, რომელიც აზიასა და ევროპას კასპიის ზღვის გავლით აკავშირებს. აშშ-ის სტრატეგიით, აზერბაიჯანი ამ დერეფნის ცენტრალური ენერგოტრანზიტული კვანძი უნდა გახდეს.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დავეხმარებით აზერბაიჯანს, გააფართოოს თავისი, როგორც „შუა დერეფნის“ ცენტრალური ფიგურის როლი ენერგიის ტრანზიტში ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართულებით… აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები წინ მიდის და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისი ნავთობკომპანიების, ExxonMobil-ისა და Chevron-ის მეშვეობით, აზერბაიჯანის ენერგეტიკულ სექტორში უკვე ინტეგრირებულია. აღნიშნულ პარტნიორობას ორი ფორუმზე გამოსვლის დროსაც შეეხო და განაცხადა, რომ გასული წლის ბაქოს ენერგეტიკულ კვირეულზე ExxonMobil-მა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა ახალი საძიებო საქმიანობის შესახებ, ხოლო Chevron-მა, წლევანდელ ღონისძიებაზე, ახალ კვლევით შეთანხმებას მოაწერა ხელი.
„მიგვაჩნია, რომ ამჟამად აზერბაიჯანი მსოფლიოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგომწარმოებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ამ პარტნიორობით ნამდვილად სარგებლობს, რაც მომავალში, ველით, რომ კიდევ უფრო გაიზრდება“, – აღნიშნა ამერიკული მხარის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები ოთხ ძირითად ინდუსტრიაზეა კონცენტრირებული, ესენია: ტრანზიტი, ენერგოუსაფრთხოება/მინერალები, ინვესტიციები და ციფრული ტექნოლოგიები. მათ შორის, აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ჩარჩო შეთანხმება „კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი ელემენტების მოპოვებისა და გადამუშავებისას, უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფაზე“. დოკუმენტს ხელი აზერბაიჯანის სახელით ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა, ხოლო აშშ-ის სახელით სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კალებ ორმა მოაწერეს.
დამატებით, აზერბაიჯანულ სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს, TotalEnergies-ს, XRG-სა და BOTAŞ-ს შორის გაფორმდა შეთანხმება კასპიის ზღვაში მდებარე „აფშერონის“ საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის ნახევრის (30 მლრდ კუბური მეტრი) 15 წლის ვადით, მხოლოდ თურქეთის ბაზრისთვის მიწოდების შესახებ. SOCAR-მა შეთანხმება დადო სერბულ Elektroprivreda Srbije-თანაც (EPS), რომლის პირობებით, აზერბაიჯანული კომპანია სერბეთის ქალაქ ნიშში მშენებარე თანამედროვე ელექტროსადგურის, Niš CCGT-ის თანამფლობელი გახდება. ეს უკანასკნელი ელექტროენერგიას აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის გამოყენებით გამოიმუშავებს.
გარდა ამისა, SOCAR-სა და Shell-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს პოტენციურ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა: ახალი საბადოების კვლევა და განვითარება, LNG, ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება მუშაობის პროცესში. დამატებით კი, აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანიამ კასპიისპირა შუა აუზის ნავთობ-გაზის პოტენციალის შესაფასებლად შეთანხმება ამერიკულ Chevron-თანაც გააფორმა.
SOCAR-მა კონტრაქტები გააფორმა AASS-თანაც, 2026 წლის ოქტომბრიდან სან-მარინოსთვის გაზის მიწოდების შესახებ, ასევე მემორანდუმი ამერიკულ Comstock Resources-თან — აზიის საბადოებსა და ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლაზე და საინვესტიციო შეთანხმება Apollo Global Management-თან, რომლის ფარგლებშიც ეს უკანასკნელი TANAP-ის მილსადენში SOCAR Türkiye-ს 7%-იან წილს შეიძენს. ასევე აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანიამ სტრატეგიული პროექტების დაფინანსებასა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაფართოებაზე მემორანდუმი დადო JP Morgan-თანაც. დამატებით, აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროსა და Oracle-ს შორის ციფრული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ჩარჩოს შესაქმნელად გაფორმდა მემორანდუმი.
„აშშ-აზერბაიჯანის ეკონომიკური დიალოგი“ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთი მაგალითია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელთაც ამერიკული მხარის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმების ფარგლებში ამერიკულმა მხარემ მთავარი სატრანზიტო დერეფნის მშენებლობაში ხელშეწყობის ვალდებულება აიღო. სატრანზიტო დერეფნის, სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, შეთანხმებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გასულ თვეში ერევანში ვიზიტისას მოაწერა ხელი.














