ფოტო: Midjourney
მსოფლიოში მდიდარი ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა მათი სიმდიდრის წყაროები რეგიონებისა და ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით განსხვავდება. განვითარებულ ეკონომიკებში სიმდიდრის დაგროვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი ინდუსტრია თანამედროვე ტექნოლოგიებია, განვითარებად ქვეყნებში კი დოვლათის შესაქმნელად წიაღისეული რესურსების მოპოვება-გადამუშავება ან ინდუსტრიული საქმიანობაა საჭირო.
სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც უმდიდრესი ადამიანების რიცხვი წლიდან წლამდე ყველაზე სწრაფად იზრდება (რაოდენობრივი და პროცენტული თვალსაზრისით). „უმდიდრესი ადამიანის“ სტატუსი მინიჭებული აქვს პირს, რომლის ქონებაც $30+ მილიონს შეადგენს. მონაცემები აღებულია Knight Frank-ის 2026 წლის სიმდიდრის შესახებ ანგარიშიდან. რაოდენობრივი და პროცენტული ზრდის მაჩვენებლები 2021-2026 წლების პერიოდზეა დაანგარიშებული.
2021-2026 წლების პერიოდში ყველაზე მეტი უმდიდრესი ადამიანი შეერთებულ შტატებს შეემატა. ამ წლების განმავლობაში აშშ-ში იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ქონებაც $30 მილიონს აღემატება, 67,000-ით გაიზარდა. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ აღემატება აღნიშნული რეიტინგის მეორე ადგილის მფლობელი ჩინეთის ზრდას. ჩინეთში ამავე პერიოდში უმდიდრესი ადამიანების რიცხვი 22,753-ით გაიზარდა.
აშშ-ისა და ჩინეთის დომინაცია მდიდარი ადამიანების რაოდენობრივ რეიტინგში ამ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობითა და შესაძლებლობებითაა განპირობებული. აშშ-ის შემთხვევაში ადამიანებს ქონების გამრავლებაში ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრები და ტექნოლოგიური სექტორი. ჩინეთისთვის კი ზრდის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი ბუნებრივ რესურსებზე წვდომა და ვაჭრობაა.
| რეიტინგი | ქვეყანა | რაოდენობრივი ზრდა (2021-2026) |
| 1 | აშშ | 66,916 |
| 2 | ჩინეთი | 22,753 |
| 3 | გერმანია | 9,273 |
| 4 | ინდოეთი | 7,716 |
| 5 | შვეიცარია | 4,968 |
| 6 | ავსტრალია | 4,036 |
| 7 | საფრანგეთი | 3,781 |
| 8 | გაერთიანებული სამეფო | 3,005 |
| 9 | იტალია | 2,886 |
| 10 | ესპანეთი | 2,708 |
| 11 | იაპონია | 2,609 |
| 12 | სინგაპური | 2,529 |
| 13 | ისრაელი | 2,276 |
| 14 | კანადა | 2,267 |
| 15 | თურქეთი | 2,034 |
| 16 | საუდის არაბეთი | 1,795 |
| 17 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 1,712 |
| 18 | პოლონეთი | 1,575 |
| 19 | ინდონეზია | 1,028 |
| 20 | ჩეხეთი | 914 |
მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ზრდაში აშშ დომინირებს, უმდიდრესი ადამიანების რიცხვის ზრდა ყველაზე სწრაფად სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს. პროცენტულად, ყველაზე სწრაფად უმდიდრესი ადამიანების რაოდენობა 2021-2026 წლებში პოლონეთში გაიზარდა (109%). სამეულში შედიან კატარი (107%) და თურქეთი (94%). აღნიშნული სია ნათლად აჩვენებს სიმდიდრის შექმნის გეოგრაფიული ცენტრის ცვალებადობას და მიუთითებს იმაზე, რომ ტრადიციული ფინანსური ცენტრებისგან განსხვავებით, ქონების დაგროვება განვითარებად ქვეყნებში უფრო ეფექტიანად ხდება.
უმდიდრესი ადამიანების ზრდის პროცენტულ რეიტინგში მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე რუმინეთი (93%) და საბერძნეთი (74%) მოხვდნენ.
როგორც აღვნიშნეთ, ამ ქვეყნების დიდი ნაწილი ინდუსტრიული გაფართოებით, ენერგორესურსების ექსპორტით, ინფრასტრუქტურული ინვესტიციებითა და მზარდი ფინანსური სექტორით სარგებლობენ.
პროცენტულ რეიტინგში გვხვდებიან სპარსეთის ყურის ქვეყნები, კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, სადაც უმდიდრესი ადამიანების რაოდენობის ზრდა არა მხოლოდ ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების, არამედ ეკონომიკების დივერსიფიკაციის დამსახურებაა.
აღსანიშნავია, რომ ორივე სიაში მოწინავე პოზიციებზე იმყოფება ინდოეთი, სადაც 2021-2026 წლებში 7,700 ახალი უმდიდრესი ადამიანი გაჩნდა, რაც 63%-იან ზრდას წარმოადგენს.
ტრადიციული ფინანსური ჰაბები, აშშ, სინგაპური, შვეიცარია და არაბთა გაერთიანებული საამიროები, კვლავ სიმდიდრის შექმნის ცენტრებად რჩებიან. თუმცა რეიტინგების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ქონების დაგროვების გეოგრაფიული არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ტრადიციულ ტერიტორიებს გასცდა.
| რეიტინგი | ქვეყანა | პროცენტული ზრდა (2021-2026) |
| 1 | პოლონეთი | 109% |
| 2 | კატარი | 107% |
| 3 | თურქეთი | 94% |
| 4 | რუმინეთი | 93% |
| 5 | საბერძნეთი | 74% |
| 6 | ისრაელი | 71% |
| 7 | საუდის არაბეთი | 69% |
| 8 | ჩეხეთი | 67% |
| 9 | ინდოეთი | 63% |
| 10 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 55% |
| 11 | სინგაპური | 54% |
| 12 | პორტუგალია | 50% |
| 13 | ესპანეთი | 42% |
| 14 | მაროკო | 42% |
| 15 | შვეიცარია | 39% |
| 16 | ინდონეზია | 37% |
| 17 | აშშ | 36% |
| 18 | არგენტინა | 34% |
| 19 | ავსტრალია | 32% |
| 20 | ირლანდია | 32% |

















