ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის ახალი ხელმძღვანელი შონ დოილი აცხადებს, რომ ყველა აცრილ ადამიანს შეზღუდვების გარეშე მოგზაურობის უფლება უნდა მიეცეს, ხოლო აუცრელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.
ავიაკომპანიის CEO ამბობს, რომ მოგზაურობა რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას 12 აპრილისთვის ელოდებიან, როდესაც ცნობილი გახდება, თუ როგორ და როდის აღდგება ტურიზმი და სხვა ქვეყნებში მოგზაურობა.
შონ დოილი მოუწოდებს ბრიტანეთს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისკენ, რათა სექტორი, ჩავარდნილი წლის შემდეგ, რაც შეიძლება მალე აღდგეს. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესის დაწყება იმის იმედს აჩენს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში British Airways-ი რეგულარულ რეისებს განაახლებს. თუმცა ეს ყველაფერი მაინც 12 აპრილის გადაწყვეტილებით გახდება ცნობილი.
British Airways-ის ბიუჯეტური კონკურენტი Ryanair-ი კი ელოდება, რომ 2019 წლის დატვირთვის 70%-ის აღდგენას ზაფხულისთვის შეძლებს.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 44% უკვე აცრილია, ძირითადად ვაქცინაცია 60 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებს ჩაუტარეს. თუმცა ქვეყანაში რამდენიმე თვის წინ დაფიქსირებული ახალი შტამი საფრთხეს აჩენს.