ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ბრიუს უილისს ფრონტოტემპორალური დემენციის დიაგნოზი დაუსვეს – დაავადების, რომელიც ფუნქციურ დაქვეითებას იწვევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მსახიობის ოჯახის წევრებმა ხუთშაბათს გაავრცელეს. მათი განცხადებით, უილისის დაავადება პროგრესირდა მას შემდეგ, რაც მსახიობს გასულ წელს აფაზია დაუდგინეს.
ფრონტოტემპორალური დემენცია არის დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმა 60 წლამდე ასაკის ადამიანებში. თუმცა დაავადება წლების განმავლობაში ვითარდება და მისი დიაგნოზის დასმას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს. შეგახსენებთ, ბრიუს უილისი ამჟამად 67 წლისაა.
ცნობისთვის, ფრონტოტემპორალური დემენციის სიმპტომები მოიცავს ქცევის ცვლილებებს, მეტყველების უნარის დაქვეითებასა და მოტორული ფუნქციების დარღვევებს. სამწუხაროდ, აღნიშნული დაავადების მკურნალობის ეფექტიანი მეთოდი დღემდე არ არის შემუშავებული.