ბრიუსელში ევროკავშირის მინიმალური ხელფასის კანონმდებლობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ბრიუსელში ევროკავშირის მინიმალური ხელფასის კანონმდებლობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროპარლამენტმა და წევრმა ქვეყნებმა, ევროკავშირში მინიმალური ხელფასის კანონმდებლობის დანერგვაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მანამ, სანამ ახალი კანონი მომავალი ორი წლის განმავლობაში ძალაში შევა, ის კენჭისყრისთვის ევროპარლამენტს გადაეცემა.

მინიმალური ხელფასის კანონმდებლობის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები ვალდებულნი არიან, ყველა დასაქმებულისთვის ღირსეული სამუშაო და საცხოვრებელი პირობები უზრუნველყონ. თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები მთელ კონტინენტზე ერთსა და იმავე შემოსავალს მიიღებენ. ევროკომისარ ნიკოლას შმიტის განცხადებით, ევროკავშირის მიერ მიღწეული შეთანხმება სიღარიბის დასაძლევად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. შიდა სიღარიბესთან ბრძოლის პარალელურად კი მინიმალური ხელფასის კანონი სოციალური საბაზრო ეკონომიკის იდეასაც გააძლიერებს.

სამშაბათს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა მინიმალური ხელფასი საყოფაცხოვრებო საქონლისა და მომსახურების კალათის საფუძველზე დაყრდნობითა და მთლიანი საშუალო ხელფასის გათვალისწინებით უნდა განსაზღვრონ. ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელების პარალელურად კი წევრ ქვეყნებს საკუთარი მიზნების დასახვაც მოუწევთ.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, კანონმდებლობის მოწინააღმდეგეთა რიგებში დანია და შვედეთი არიან. ქვეყნები ევროკავშირის მხრიდან სახელფასო საკითხებში ჩარევას არ ემხრობიან და მიიჩნევენ, რომ ახალი კანონმდებლობა უკვე არსებულ კოლექტიური მოლაპარაკებების სისტემებს საფრთხეს შეუქმნის.