ვინ არიან სამხრეთაფრიკული კორუფციის სიმბოლოები - ძმები გუპტები?

ვინ არიან სამხრეთაფრიკული კორუფციის სიმბოლოები - ძმები გუპტები?

სამხრეთი აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას 9-წლიანი მმართველობა კორუფციით ხასიათდებოდა. პრეზიდენტის მიერ წახალისებულ კორუფციის სახედ კი სამხრეთ აფრიკაში სამი ძმა გუპტა მიიჩნევა. ძმები ბოროტად იყენებდნენ პრეზიდენტ ზუმასთან მეგობრობასა და პრეზიდენტის შვილთან ბიზნესპარტნიორობას, რათა ქვეყანაში სამთავრობო პოზიციებზე გარკვეული პირების დანიშვნასა და მილიარდობით დოლარის ღირებულების არალეგალურ სახელმწიფო კონტრაქტებზე გავლენა მოეხდინათ.

მას შემდეგ კი, რაც 2018 წელს მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ ზუმას თანამდებობის დატოვება აიძულა და ძმებს სასამართლომ სხვადასხვა ბრალი წაუყენა, გუპტებმა ქვეყანა დატოვეს და დუბაიში გაიქცნენ. თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ დუბაიში ორი ძმა დააპატიმრეს. ძმებს სამხრეთ აფრიკაში ექსტრადიცია და სასამართლოს წინაშე წარდგენა ემუქრებათ.

ვინ არიან ძმები გუპტები?

სამი ძმა – ატული, რაჯეში და აჯაი – ზუმას მმართველობისას ეროვნულ პოლიტიკაში იმდენად ერეოდნენ, რომ ფართო საზოგადოებაში ისინი სარკასტულად „ძმები ზუპტაების“ სახელითაც მოიხსენიებოდნენ. ინდოელი ძმები სამხრეთ აფრიკაში 1990-იან წლებში ჩავიდნენ და საქმიანობა ტექნოლოგიურ სფეროში დაიწყეს. თუმცა მალევე გაზეთების, საკაბელო ტელევიზიის, ურანისა და ქვანახშირის მაღაროების ბიზნესიმპერია ააშენეს. მას შემდეგ ძმები გუპტები საზოგადოებამ კორუფციული საქმიანობის სიმბოლოდ შერაცხა. ძმები სამხრეთ აფრიკაში საკუთარ გავლენებს ბოროტად იყენებდნენ. თუმცა 2018 წლის თებერვალში პრეზიდენტ ზუმას გადადგომის შემდეგ მათი დაკავების ბრძანებაც გაიცა.

როგორ დააპატიმრეს ძმები გუპტები?

რამდენიმე დღის წინ დუბაის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქში დააკავეს რაჯეშ და ატულ გუპტები. დუბაის პოლიციის განცხადებით, პირები სამხრეთ აფრიკაში ბრალდებულნი იყვნენ ფულის გათეთრებასა და სხვა კრიმინალურ საქმიანობაში. სულ რამდენიმე თვეა, რაც ძმები ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებიან.

რაში ადანაშაულებენ ძმებს?

გავრცელებული ინფორმაციით, ძმების სახელი სხვადასხვა სახის დანაშაულებში ფიგურირებს. მათ წინააღმდეგ დიდი საჯარო გამოძიება ჯერ კიდევ 2016 წელს სამხრეთ აფრიკის მაშინდელმა სახალხო დამცველმა დაიწყო. 355-გვერდიან დოკუმენტში სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ ძმებმა მთავრობის კაბინეტის წევრების დანიშვნაზე გავლენა მოახდინეს. პოლიტიკოსების მოთხოვნით კი სახელმწიფო ძმებთან და ზუმასთან დაკავშირებული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის საქმიანობისადმი განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩეოდა. მაშინ სახალხო დამცველმა პრეზიდენტ ზუმასა და ძმებ გუპტებს შორის არსებული ურთიერთობის გამოკვლევის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. გარდა აღნიშნულისა, არსებობს არაერთი ბრალდებაც სხვადასხვა სახის საეჭვო გარიგებების შესახებ.

რა ბედი ეწია საგამოძიებო კომისიას?

სამხრეთ აფრიკის სახალხო დამცველის ბრძანებით შექმნილ საგამოძიებო პანელს ქვეყნის ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. მის მიერ ჩატარებული სამწლიანი გამოკვლევით დადგინდა, რომ ძმები გუპტები პრეზიდენტ ზუმას მხარდაჭერით უკანონოდ ითვისებდნენ ათეულობით მილიონ დოლარს. სახელმწიფო ქონებების მითვისების გამო კი ზარალი მიადგა სახელმწიფო ელექტროგადამცემ კომპანია ESKOM Holding-სა და ტვირთების სარკინიგზო და საპორტო ოპერატორ Transnet SOC-ს. დასკვნის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა ზარალს კვლავაც განიცდის.

მოპარული თანხის ოდენობა

2019 წელს სამხრეთ აფრიკის ახალარჩეული პრეზიდენტის განცხადებით, წინამორბედმა სულ მცირე 32 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის თანხა მიითვისა. სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები, ESKOM-ი, სამხრეთაფრიკული ავიახაზები და სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელი DENEL SOC-ი კი გაკოტრდნენ. დიდია ალბათობა იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული თანხის ძირითადი წილი სწორედ ძმებმა გუპტებმა მიითვისეს.

ძმებთან ერთად ბრალდებულია სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმაც. ეს უკანასკნელი 2021 წელს 15-თვიანი ვადით დააპატიმრეს, თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვადაზე ადრე გაათავისუფლა. გარდა აღნიშნულისა, ზუმა ბრალდებულია 1990-იან წლებში წარმოებულ გარიგებაში იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით. პროკურატურის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდეთ ან კიდევ დაემატოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *