თბილისის ცენტრიდან 7 წუთის სავალზე, ზღვის დონიდან 920 მეტრზე, კერძო საცხოვრებელი უბანი „წავკისი პანორამა“ შენდება. პროექტი, რომელშიც $30 მილიონზე მეტის ინვესტიცია ჩაიდო, ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურას აერთიანებს. „წავკისი პანორამა“ უბნის მშენებლობსა და გაყიდვებს დაგეგმილზე თითქმის ორი წლით ადრე ასრულებს, რის განმაპირობებელ ფაქტორებზეც, ასევე პროექტის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებზე კომპანიის მმართველი პარტნიორი გეგი ვასაძე საუბრობს.
პირველ რიგში, რა იყო პროექტის კონცეფციაზე მუშაობისას მთავარი ინსპირაცია?
პროექტის კონცეფციის შემუშავება 2021 წელს დავიწყეთ. „წავკისი პანორამაზე“ მუშაობისას ჩვენთვის პრიორიტეტს მისი სწორი ურბანული დაგეგმარება, ასევე ტერიტორიაზე ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და გაუმჯობესება წარმოადგენდა. „წავკისი პანორამის“ კონცეფციის მთავარი ინსპირაცია მისი გამორჩეული მდებარეობა და პანორამული ხედები იყო. აქედან გამომდინარე, დასახლების განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რეკრეაციულმა ფორმატმა. შესაბამისად, პროექტის ფართობის დიდი ნაწილი მწვანე სივრცესა და ეკომეგობრულ ინფრასტრუქტურას დაეთმო. ვფიქრობ, წარმატებით შევძელით ახალი სივრცეების ბუნებრივ გარემოსთან ინტეგრირება.
შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ „წავკისი პანორამა“ როგორც თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებს, ასევე მომხმარებლების საჭიროებებს ზედმიწევნით პასუხობს. ეს პროექტი შეიქმნა ადამიანებისთვის, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო, კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და კომფორტი. „წავკისი პანორამა“ ქალაქის გადატვირთული და დამღლელი ურბანული გარემოდან თავის დაღწევის მსურველებს თბილისის სიახლოვეს, სახლიდან გაუსვლელად, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და პანორამული ხედებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს.
რას მოიცავს „წავკისი პანორამა“?
უბანი 13 ჰექტარს მოიცავს, სადაც ყველა კომუნიკაციით უზრუნველყოფილი 98 ინდივიდუალური მიწის ნაკვეთია. მაქსიმალურად შევეცადეთ, მჭიდრო დაგეგმარება თავიდან აგვერიდებინა და თითოეული მოსახლისთვის დიდი სივრცე გამოგვეყო. შედეგად, „წავკისი პანორამაში“ მიწის ნაკვეთების ფართობი 700-დან 1,300 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს.
„წავკისი პანორამაში“ ბუნებრივი გარემოს დიდი დოზით შესანარჩუნებლად გარკვეული შეზღუდვებიც შემოვიღეთ. მათ შორის, შევზღუდეთ სართულების რაოდენობა, რათა პანორამული ხედები ყველა მცხოვრებლისთვის მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, დავაწესეთ ერთნაირი ღობის სტანდარტი, უბნის კონცეფციის მეტად შესანარჩუნებლად.
ტერიტორია მოიცავს 1.5 ჰექტარ სარეკრეაციო ზონას, ველობილიკებს, 1,000 მეტრი სიგრძის სასეირნო ხეივანს და ხელოვნურ ტბას. „წავკისი პანორამაში“ ასევე ასაკობრივად დაყოფილი ბავშვთა გასართობი სივრცეები, ქვიშის მოედანი, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებია მოწყობილი.
პროექტს დაგეგმილზე ადრე ასრულებთ – შეგიძლიათ გაგვიზიაროთ პირველადი დაგეგმილი ვადები და ფაქტობრივი დასრულების თარიღი?
„წავკისი პანორამის“ პროექტზე მუშაობა 2021 წელს დავიწყეთ. მისი დასრულების თარიღად, თავდაპირველად, 2025 წლის ბოლო გვქონდა განსაზღვრული, თუმცა პროექტის განხორციელებას გაცილებით ადრე ვახერხებთ. არსებული მდგომარეობით, „წავკისი პანორამა“ 2024 წლის გაზაფხულისთვის უკვე დასრულებული იქნება.
რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი „წავკისი პანორამის“ დროზე ადრე დასრულებას? ხომ არ შევიდა პროექტში ცვლილებები, რამაც მისი განხორციელების პროცესი დააჩქარა?
„წავკისი პანორამის“ დროზე ადრე დასრულებას პროექტზე დიდი მოთხოვნა უწყობს ხელს. მიწების გაყიდვების პროცესი იმაზე სწრაფად წარიმართა, ვიდრე ამას თავდაპირველად ველოდით.
გარდა ამისა, ჩვენი მომავალი მობინადრეების მიმართ აღებული ვალდებულებები დიდი ძალისხმევის წყალობით ბევრად ადრე და გადაჭარბებითაც კი შევასრულეთ. მაგალითად, პროექტში გათვალისწინებული იყო 800 ნერგის დარგვა, ჩვენ კი ეს რიცხვი 2,000-მდე გავზარდეთ. „წავკისი პანორამის“ მომავალ მცხოვრებლებს სიურპრიზიც გავუკეთეთ – დაპირებული არ იყო, თუმცა ახლახან პროექტში ხელოვნური ტბა დავამატეთ.
როგორია მოთხოვნა და გაყიდვების მაჩვენებელი „წავკისი პანორამაში“? რა გავლენა იქონია ამ ყველაფერზე ბოლო პერიოდში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდამ?
„წავკისი პანორამაში“ გაყიდვები ჯერ კიდევ 2021 წლის მაისიდან, პროექტზე მუშაობის დაწყებიდან მალევე დავიწყეთ. წინასწარი გეგმით, გაყიდვების დასასრულებლად 2.5 წელი გვქონდა გათვლილი, თუმცა დაინტერესებამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. მოცემული დროისთვის, „წავკისი პანორამაში“ არსებული 98 მიწის ნაკვეთიდან 92 უკვე გაყიდულია.
ვფიქრობ, გაყიდვების მსგავსი ტემპი და პროექტით მაღალი დაინტერესება „წავკისი პანორამის“ კონცეფციამ და სხვა გამოკვეთილმა უპირატესობებმა განაპირობა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლო პერიოდში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას პროექტზე მოთხოვნის შემცირება არ გამოუწვევია.
ამ ტიპის საცხოვრებელი უბნების მიმართ ინტერესის ზრდაზე, ჩემი აზრით, კორონავირუსის პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა. ადამიანებმა მეტად დააფასეს ის ფუფუნება, რასაც საკუთარი სახლისა და ეზოს ქონა გულისხმობს. ვფიქრობ, ჩვენი პროექტი ამ ადამიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ამას განაპირობებს ქალაქის ცენტრთან მისი საკმაოდ ახლო მდებარეობაც – „წავკისი პანორამა“ თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც შვიდი წუთის სავალ გზაზეა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროექტის ყველა მყიდველს ეს მიწები მუდმივი საცხოვრებლისთვის აქვს შეძენილი და არა – საზაფხულო საცხოვრებლად.
ვინ არის ძირითადი მყიდველი? რამდენად მაღალია პროექტით ინვესტორების დაინტერესება? ინვესტირების რა შესაძლებლობები აქვთ მათ?
„წავკისი პანორამის“ მიწების მფლობელთა 100% საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის, საკმაოდ წარმატებული ექიმები, სპორტსმენები, საქართველოში წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები და სხვადასხვა სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები არიან. და, უბრალოდ, ადამიანები, რომლებიც ეკომეგობრულ გარემოში ცხოვრებას, ხარისხიან ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოების მაღალ დონესა და ქალაქთან სიახლოვეს ანიჭებენ უპირატესობას.
პროექტი საკმაოდ საინტერესოა საინვესტიციო თვალსაზრისითაც. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი ტიპის საცხოვრებელ სივრცეებზე მოთხოვნა გაზრდილია, მიწოდება კი – კვლავ მცირე, გვყავს ისეთი მყიდველიც, რომელმაც „წავკისი პანორამაში“ ნაკვეთი როგორც საკუთარი სახლის ასაშენებლად, ისე სამომავლო რეალიზაციისთვისაც შეიძინა.
პროექტის დასრულების შემდეგ როგორ შეინარჩუნებთ კავშირს „წავკისი პანორამასთან“?
პროექტის დასრულების შემდეგ „წავკისი პანორამის“ მცხოვრებლებთან მუდმივი კომუნიკაცია გვექნება, რათა უბანი კიდევ უფრო დაიხვეწოს, განვითარდეს და მათ საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგოს. სამ თვეში ერთხელ შევადგენთ მნიშვნელოვანი საკითხების სიას, რომელთაც პრიორიტეტების შესაბამისად განვახორციელებთ.
გარდა ამისა, ჩვენი ვალდებულებაა, „წავკისი პანორამაში“ მოწყობილი სპორტული მოედნების, რეკრეაციული ზონისა და გასართობი სივრცეების მოვლა-პატრონობა. ასევე, ტერიტორიაზე დაცვის 24-საათიანი უზრუნველყოფა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო იმისთვის, რომ მშობლებმა უბნის ტერიტორიაზე ბავშვების მშვიდად გაშვება შეძლონ. ვფიქრობ, მშვიდი და ჰარმონიული გარემო, რომელსაც „წავკისი პანორამის“ სხვადასხვა სივრცე საკუთარ მობინადრეებს შესთავაზებს, უბანში სოციალიზაციის დონეზეც დადებით აისახება.
რით არის „წავკისი პანორამა“ უნიკალური? რა გამოარჩევს მას ქვეყანაში განხორციელებული მსგავსი ტიპის სხვა პროექტებისგან?
ჩვენმა ჯგუფმა მსგავს პროექტებზე მუშაობა 2008 წელს დაიწყო. პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, „წავკისის ველი“ იყო. უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ ამ მიმართულებით 15-წლიანი გამოცდილება დავაგროვეთ, რომელსაც ახალი პროექტების დაგეგმვისას ვეყრდნობით.
უნიკალურია „წავკისი პანორამის“ ლოკაციაც. უბნის 98-ვე ნაკვეთის ერთი მხრიდან თბილისზე იდეალური ხედი იშლება, მეორე მხარეს კი ტერიტორიას ტყის მასივი ესაზღვრება. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, სწორი დაგეგმარების მეშვეობით და გარკვეული შეზღუდვების დაწესებით მივაღწიეთ იმას, რომ „წავკისი პანორამაში“ არსებული სახლები ერთმანეთს ხედს არ დაუფარავს.
„წავკისი პანორამაში“ გამწვანების ზოლს საერთო ჯამში 15 000 კვადრატული მეტრი ფართობი უჭირავს. ალბათ ამის ანალოგს მსგავსი ტიპის პროექტებში ვერ შევხვდებით. ასევე, აღსანიშნავია, რომ გარდა ჩვენ მიერ მოწყობილი მწვანე სივრცეებისა, „წავკისი პანორამასთან“ ახლოს მდებარეობს მთაწმინდის პარკი, ტექნოპარკი, გარდა ამისა, დაგეგმილია გასართობი და დასასვენებელი ახალი სივრცეების შექმნა. ეს ყველაფერი წავკისის პოტენციალს ზრდის და მას კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს როგორც იქ ცხოვრების მსურველთათვის, ასევე ინვესტორებისთვის.
დაბოლოს, სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ.
მოცემული დროისთვის, ჩვენთვის პრიორიტეტი „წავკისი პანორამაა“, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. რა თქმა უნდა, კომპანიას გეგმაში აქვს ახალი პროექტების დაწყება, რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას უკვე 2024 წლიდან გავასაჯაროებთ.
„წავკისი პანორამის“ პროექტზე მუშაობისას ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ თანამედროვე ადამიანების მოთხოვნილებები შეიცვალა და დღეს მათ სურთ იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში. მეორე მხრივ, პროექტზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ დაგვარწმუნა იმაში, რომ სწორად შევძელით მომხმარებლების საჭიროებების განსაზღვრა და მათთვის მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შექმნა.
შესაბამისად, „წავკისი პანორამის“ წარმატებით განხორციელების შემდეგ, გვსურს, კვლავ შევთავაზოთ მომხმარებლებს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი, მშვიდი და უსაფრთხო საცხოვრებელი სივრცეები. გვაქვს ამბიცია, რომ ამ მიმართულებით ბაზარზე ლიდერის პოზიცია გვეკავოს.