ელექტრომობილების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია BYD-მ აგვისტოში რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა. მისი განცხადებით, გასულ თვეში წლიურმა ზრდამ 30% შეადგინა, მთლიანობაში კი 370,854 ერთეული სამგზავრო ავტომობილი გაიყიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით ზრდა ჰიბრიდულ მოდელებში შეიმჩნევა. სრულად ელექტროძრავის მქონე ავტომობილებზე მოთხოვნა კი შედარებით მცირდება.
სრულად ელექტროძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვები აგვისტოში BYD-სთვის მხოლოდ 12%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ჰიბრიდული მოდელების გაყიდვების ზრდამ 48% შეადგინა. საერთო ჯამში, აგვისტოში BYD-ის გაყიდვების 2/3 სწორედ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ გასული თვე ელექტრომობების ჩინური მწარმოებლების უმეტესობისათვის უარყოფითად დასრულდა. მაგალითად, Li Auto-ს ავტომობილების მიწოდების რაოდენობა ივლისის რეკორდული 51,000-დან 48,122-მდე შემცირდა. Huawei-ს ტექნოლოგიის მფლობელი Aito-ს მიწოდების მაჩვენებელი კი აგვისტოში თითქმის 10,000-ით შემცირდა.
გასული თვე უარყოფითი მაჩვენებლით დასრულდა კიდევ ერთი ჩინური მსხვილი მწარმოებელი Nio-სთვისაც, რომელმაც 20,176 ერთეული ავტომობილის მიწოდება შეძლო. სანაცვლოდ, BYD-ის მსგავსად, აგვისტოში ზრდა დააფიქსირა Xpeng-მა და Zeekr-მა.
გასულ თვეში BYD-მ ოკეანის მიღმა 31,451 ერთეული ავტომობილი გაყიდა, აღნიშნულმა მაჩვენებელმა კი წლის დასაწყისიდან დღემდე 264,860 შეადგინა, რაც უკვე აჭარბებს 2023 წლის განმავლობაში ოკეანის მიღმა გაყიდული ავტომობილების ჯამურ რაოდენობას.