14 სექტემბერს წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება, California Streaming-ი გაიმართა, რომელზეც Apple-მა ახალი თაობის iPhone-ები, მე-7 თაობის Apple Watch-ი, განახლებული iPad mini და არაერთი სხვა სიახლე წარმოადგინა, რომელთაც ამ ვრცელ სტატიაში მოვუყარეთ თავი.
ახალი თაობის iPhone-ები
გუშინდელ ღონისძიებაზე Apple-მა უახლესი თაობის რამდენიმე სმარტფონი წარმოადგინა, მათ შორის iPhone 13, iPhone 13 mini, iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max. აღსანიშნავია, რომ დიზაინის მხრივ რადიკალურად არაფერი შეცვლილა – ახალი თაობის ტელეფონები ძალიან ჰგავს iPhone 12-ს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შემცირდა კუნძულის ზომა და შეიცვალა კამერების განლაგება. უცვლელია iPhone-ების ზომებიც: 5.4 დუიმი, 6.1 დუიმი და 6.7 დუიმი.
iPhone 13 Pro და Pro Max-ის მოდელების დისპლეი 20%-ით უფრო ნათელია და უფრო სწრაფ, ProMotion სისტემას ეყრდნობა, რაც Android-ის სისტემის მქონე ტელეფონების მსგავს გლუვ სქროლვას უზრუნველყოფს. სტრუქტურულად სმარტფონი საოცრად გაძლიერდა: ახალი თაობის iPhone-ები A15 Bionic პროცესორითაა აღჭურვილი, რომელიც ბაზარზე არსებულ პროცესორთან შედარებით 50%-ით უფრო მძლავრია.
გარდა ამისა, ახალი თაობის მოდელები აღჭურვილია ექსკლუზიურად Apple-სთვის შექმნილი 5G ანტენებით – კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოსთვის, 5G 60-ზე მეტ ქვეყანაში, 200-ზე მეტი ოპერატორის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გაძლიერდა ტელეფონის ელემენტებიც – ერთი დამუხტვით, iPhone 13 mini საათ-ნახევრით, ხოლო სტანდარტული iPhone 13 ორსაათნახევრით მეტ ხანს იმუშავებს.
მთავარი ცვლილება სმარტფონის კამერებმა განიცადეს: კამერებს საინტერესო ფუნქცია – Cinematic mode დაემატა, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, აწ უკვე კარგად ნაცნობი Portrait mode-ია, ოღონდ ვიდეოსთვის. ამ ფუნქციით ვიდეოს გადაღებისას, უკანა პლანზე მდებარე ობიექტები იჩრდილება, რითაც წინა პლანზე მდგომ ობიექტს ყურადღების ცენტრში აქცევს – ამ ტექნიკას ფილმების გადაღებისას ხშირად იყენებენ. iPhone 13 Pro-სა და Pro Max მოდელებს სხვა ფუნქციებიც დაემატათ – Macro Photography, რომლის დახმარებით ახლო მანძილიდან უფრო მკვეთრ სურათებს გადაიღებთ და Photographic Styles-ი, რომლითაც სურათების დამუშავებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეძლებთ. გარდა ამისა, Pro მოდელებს ProRes ვიდეოს გადაღებაც შეუძლიათ – ცნობისთვის, ამ ფორმატს პროფესიონალები ისედაც იყენებდნენ, თუმცა ის მასობრივ წარმოებაში აქამდე არ ჩაუშვიათ, რადგან ამ ფორმატში გადაღებული ფაილების ზომა საკმაოდ დიდია. ProRes ფორმატში ვიდეოს გადაღებას HD და 4K რეზოლუციით შეძლებთ.
ახალი თაობის iPhone-ები iOS 15-ითაა აღჭურვილი – პროგრამული განახლება, რომელიც წინა თაობის სმარტფონებზე ამ თვის ბოლომდე გამოვა, შეცვლის ვიჯეტებს, GPS ნავიგატორსა და მესიჯების აპლიკაციაში ახალ ფუნქციებს დაამატებს, ასევე უსაფრთხოების საკითხებს გამოასწორებს.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი ფლაგმანი პროდუქტის, iPhone-ის გაყიდვებით, გასულ წელს, Apple-მა $137.8 მილიარდის შემოსავალი მიიღო – კომპანიის მთლიანი შემოსავლის თითქმის ნახევარი. გარდა ამისა, iPhone-ი სხვა პროდუქტების – Apple Watch-ის და სხვა აქსესუარების გაყიდვების ერთგვარი კატალიზატორია. ცნობისთვის, Apple-მა ჯერ კიდევ ივლისში დაადასტურა, რომ 2021 წელს 90 მილიონი iPhone-ის გამოშვებას გეგმავდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 20%-ით მეტია. Apple-ის ახალი თაობის სმარტფონების ფასი შემდეგნაირად გადანაწილდა: iPhone mini – $699, iPhone 13 – $799, iPhone 13 Pro – $999, ხოლო iPhone Pro Max – $1099. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა სმარტფონის საბაზისო მეხსიერება – ამიერიდან, ყველაზე მცირე ზომის ხელმისაწვდომი შიდა მეხსიერება – 128 გიგაბაიტია. აღსანიშნავია, რომ Pro მოდელების მსურველებს ერთტერაბაიტიანი შიდა მეხსიერების მქონე ტელეფონის შეძენაც შეუძლიათ.
მეშვიდე თაობის Apple Watch-ი
ახალი თაობის Apple Watch-ი მისი წინამორბედისაგან ვიზუალურად საკმაოდ განსხვავდება: ჭკვიანი საათი უფრო გლუვია და უფრო დიდია, ორივე მოდელის ზომამ ერთი მილიმეტრით მოიმატა და ამიერიდან Apple Watch-ი ორი ზომისაა – 41მმ დ 45მმ. შეიცვალა ჭკვიანი საათის დისპლეიც – Always-On Retina დისპლეი ბაზარზე არსებულებს შორის ყველაზე ფართოა – ის 20%-ით უფრო ფართოა, ვიდრე წინა მოდელი, და 50%-ით უფრო ფართოა, ვიდრე Apple Watch 3.
გარდა დიზაინისა, განახლებული Apple Watch-ი საოცრად გამძლეც არის – მას მტვრისაგან გამძლეობის IP6X სერტიფიკატი და WR50 წყლის გაუმტარობის რეიტინგი აქვს. მიუხედავად გაუმჯობესებული დისპლეისა, ერთი დამუხტვით საათი ისევ 18 საათს იმუშავებს, თუმცა ამიერიდან ის 33%-ით უფრო სწრაფად იმუხტება. მე-7 თაობის Apple Watch-ს განახლებული წინა შუშა აქვს, რომელიც მე-6 თაობის ჭკვიან საათზე 50%-ით უფრო სქელია, რაც მის გამძლეობას ოპტიკური გარჩევადობის დაზიანების გარეშე ზრდის.
Apple Watch-ის ჯანმრთელობის უნიკალური ფუნქცია, რომელიც მას Apple-ის სხვა პროდუქტებისაგან გამოარჩევს, ახალი თაობის Apple Watch-ში კიდევ უფრო დაიხვეწა – მომხმარებლებს Mindfulness აპლიკაციით სარგებლობა, ძილის რესპირაციული ტემპის კონტროლი და ტაი-ჩისა და პილატესის ვარჯიშების გაკეთება შეუძლიათ. გარდა ამისა, დაიხვეწა ინტეგრირებული საფულისა და ჭკვიანი სახლის აპლიკაციების ფუნქციონალი.
აღსანიშნავია, რომ Apple-მა ერთი საინტერესო ამბავიც დააანონსა: 27 სექტემბერს ახალი სერვისი – Apple Fitness+ გაეშვება, რომელიც ექსკლუზიურად Apple Watch-ისთვის შეიქმნა. აპლიკაციის გამოყენებით მომხმარებლებს ვარჯიში და მედიტაცია საოცრად გაუმარტივდებათ და ამაში მათ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, მოთხილამურე ტედ ლიგეტი და ფიტნეს-მწვრთნელი ანხა გარსია დაეხმარებიან. ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, ვარჯიში და მედიტაცია ჯგუფურადაც იქნება შესაძლებელი. გამოსვლის შემდეგ, წლის განმავლობაში ეს სერვისი მსოფლიოს 15 ქვეყანაში გამოჩნდება, მათ შორის ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და რუსეთში.
გარდა ამისა, აპლიკაციას Artist Spotlight სერიები ემატება, რომელთა დროს, ვარჯიშს ბილი აილიშის, კელვინ ჰარისის, Imagine Dragons-ის და ნიკი მინაჟის მუსიკის ფონზე შეძლებთ. Artist Spotlight სერიების ფარგლებში, თითოეულ სავარჯიშო პლეილისტს ერთი არტისტი შექმნის – ახალი პლეილისტები ყოველ ორშაბათს, ოთხი კვირის განმავლობაში გამოვა.
ახალი თაობის Apple Watch-ი ხელმისაწვდომი იქნება ალუმინის ქეისის ხუთი სხვადასხვა დიზაინით – ფერები და დიზაინერული გადაწყვეტილებები დაემატა საათის სამაჯურებსაც. აღსანიშნავია, რომ მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გამო, მე-7 თაობის Apple Watch-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი გუშინდელ ღონისძიებაზე არ გამოუცხადებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ ის ამ შემოდგომას გამოვა.
უახლესი iPad mini და მე-9 თაობის iPad
Apple-ის წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი ნათელი მომენტი, უახლესი iPad mini-ს წარდგენა გახლდათ – 8.3 დუიმის Liquid Retina დისპლეისა და საოცრად ლამაზი დიზაინის მქონე მოწყობილობას უკვე 5G კავშირიც აქვს. ახალი თაობის სმარტფონების მსგავსად, მასაც A15 Bionic პროცესორი აქვს, რომლის წყალობით, ახალი iPad mini წინა თაობის მოწყობილობაზე 80%-ით უფრო სწრაფია. უახლესი USB-C პორტის დახმარებით ის კიდევ უფრო მძლავრი გახდა – iPad mini-ს დაკავშირება პროფესიონალურ კამერასთან ან ულტრაბგერითი ანალიზის ჩასატარებელ მოწყობილობასთან შეგიძლიათ. „მისი მოსახერხებელი დიზაინისა და ყოველდღიური გამოყენების კუთხით, იქნება ეს კრეატიული თუ ბიზნესსაქმიანობა, iPad mini – უნიკალურია. უახლესი Liquid Retina დისპლეით, წარმადობის საოცარი გაზრდით, განახლებული წინა და უკანა კამერებით, Center Stage ფუნქციით, USB-C პორტით, 5G-სა და Apple Pencil-თან თავსებადობით, განახლებული iPad mini წინ გადადგმული ნაბიჯია მომავლისაკენ, რომელიც ხელის გულზე ეტევა“, – აღნიშნა Apple-ის გლობალური მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ჯოსვიაკმა.
გარდა ეკრანის გაზრდილი პარამეტრებისა და შემცირებული დისპლეის გვერდულებისა, 500-ნიტიანი სიკაშკაშის მქონე უახლესი Liquid Retina დისპლეი P3 ფერთა გამითა და True Tone-ის ფუნქციებითაა აღჭურვილი, ხოლო აურეკლავი ეკრანის ფირის წყალობით, ახალი iPad mini-თ გადაღებული სურათები და ვიდეო კიდევ უფრო ცოცხალია.
განსაკუთრებულად გაძლიერდა ახალი თაობის iPad mini-ს კამერა – წინა 12-მეგაპიქსელიანი Ultra Wide კამერის წყალობით მოწყობილობას ფუნქცია Center Stage დაემატა, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ iPad Pro-ზე იყო ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციის გამოყენებისას, ადამიანი ყურადღების ცენტრში ექცევა და თუ ის გადაადგილებას დაიწყებს, კამერა მის მოძრაობას გაჰყვება. კამერა კადრში სხვა ადამიანების გამოჩენასაც აღიქვამს. iPad mini-ს უკანა კამერაც 12-მეგაპიქსელიანი სენსორითაა აღჭურვილი, რომელიც Focus Pixels-ის ტექნოლოგიის გამოყენებით უფრო მკაფიო და ცოცხალ სურათებს იღებს. გარდა ამისა, True Tone ფლეშის გამოყენებით, დაბალი განათების მქონე ადგილას სურათის გაღება ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა. უახლესი A15 Bionic პროცესორის წყალობით კი Smart HDR-ის ტექნოლოგიის გამოყენებას შეძლებთ, რაც თქვენ მიერ გადაღებულ სურათებს გასაოცარ ბუნებრიობას შესძენს.
განახლებული iPad mini ახალი ოპერაციული სისტემით, iPad OS 15-ით იქნება აღჭურვილი. ბევრს სხვა სიახლესთან ერთად, სისტემური განახლების შემდეგ, მომხმარებლებს ახალ ვიჯებთან წვდომა ექნებათ, რითაც მოწყობილობას კიდევ უფრო მოარგებენ საკუთარ სურვილებსა და ინტერესებს. თარგმნის განახლებული აპლიკაციას, რომელიც უახლეს ოპერაციულ სისტემას მოჰყვება, ხმოვანი ტექსტის თარგმნა უკვე წამიერად, პირდაპირ ეთერში შეუძლია. ასევე გაუმჯობესდა FaceTime-ით განხორციელებული ზარები, რომლებიც სივრცითი აუდიოს და ახალი Portrait mode-ის წყალობით კიდევ უფრო ბუნებრივი გახდება.
განახლებული iPad mini-ს გარდა, Apple-მა მე-9 თაობის iPad-იც წარმოადგინა, რომელიც მძლავრი A13 Bionic ჩიპით არის აღჭურვილი, რაც მას ყველაზე გაყიდვად Chromebook-ზე სამჯერ, ხოლო Android-ის ყველაზე გაყიდვად პლანშეტზე ექვსჯერ უფრო სწრაფად აქცევს. Apple-ის ამ ბიუჯეტური მოდელს, რომლის ფასი $329-იდან იწყება, 10.2-დუიმიანი True Tone Retina დისპლეი და 12-მეგაპიქსელიანი Ultra Wide წინა კამერა აქვს – Center Stage ფუნქციის გამოყენებას ამ iPad-ზეც შეძლებთ. გარდა ამისა, მას Apple Pencil-ის, Smart Keyboard-ისა და უახლესი iPadOS 15-ის მხარდაჭერა და წინა თაობასთან შედარებით ორჯერ გაზრდილი მეხსიერება აქვს.
საბოლოო ჯამში, Apple-ის წლის მთავარმა ტექნოლოგიურმა ღონისძიებამ იმედი არც წელს გაგვიცრუა. თუმცა აღსანიშნავია, რომ გუშინდელ ღონისძიებას არ გამორჩენია ახალი თაობის MacBook-ები და AirPods-ები. „ბლუმბერგის“ ანალიტიკოსი და Apple-ის ექსპერტი, მარკ გარმენი აღნიშნავს, რომ მომავალ რამდენიმე კვირაში ტექნოლოგიური გიგანტისაგან კიდევ სულ მცირე ერთ ღონისძიებას უნდა ველოდოთ.