2023 წლის 7 ივლისს, HT Solutions-ი უმასპინძლებს ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კონფერენციას საქართველოში. Change Inspire-ი DevOps Inspire-ის ყოველწლიური კონფერენციის ევოლუციაა, რომელიც 2018 წელს დაიწყო მცირე მასშტაბის, სპეციფიკური ტექნოლოგიური ღონისძიებით, 2022 წელს კი მონაწილეთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა.
ერთდღიან, თუმცა მასშტაბურ ღონისძიებაზე სპიკერები წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ინდუსტრიის ადგილობრივი – TBC, Space Bank-ი – ასევე საერთაშორისო – AWS, Google-ი, Toyota – ცნობილი გიგანტებიდან.
HT Solutions-ი გახლავთ ლიდერი ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციების დანერგვასა და ორგანიზაციების გარდაქმნას ციფრული განვითარების ჭრილში. გამორჩეულ შედეგებსა და მომხმარებლის გამოცდილებაზე მტკიცე ფოკუსირებით, HT Solutions-ი ტექნოლოგიური მიღწევების წინა პლანზე დგას და ინდუსტრიაში ახალი, ყოვლისმომცველი სერვისები და გადაწყვეტილებები შემოაქვს.
Forbes Georgia ტექნოლოგიურ კონფერენციის შესახებ მეტი დეტალის გასარკვევად, HT Solutions-ის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო გვაზავას ესაუბრა.
ნინო, კონფერენციის შესახებ რომ მოგვიყვეთ – რატომ შეიქმნა და რა მიზანს ემსახურება?
Inspire-ხაზის კონფერენციები 2018 წელს შეიქმნა. გამომდინარე იქიდან, რომ HT Solutions-ი ტექნოლოგიების ინტეგრატორი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, ჩვენ წარმოვადგენთ ისეთ გლობალურ წ ამყვან ბრენდებს, როგორიცაა მაგალითად: Google-ი, Microsoft-ი, AWS-ი, Dell, Palo Alto, Cisco და სხვა და სწორედ მათ ტექნოლოგიებს ვაწვდით ქართულ ბაზარს. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობის ძალიან დიდი ნაწილი ამ ტექნოლოგიებში გარკვევას, უცხოეთში არსებული გამოყენების სცენარების შესწავლას უკავშირდება და შემდგომში ხდება მათი ჩამოტანა და ინტეგრაცია ქართულ ბაზარზე.
შესაბამისად, 2018 წელს, მოგზაურობის ერთ-ერთი სერიისას, გადავწყვიტეთ, რომ მასშტაბირებადი გზა მოგვეძებნა და ის კონტენტი და ცნობილი სპიკერების გამოცდილება და ინფორმაცია, რომელსაც უცხოეთში ვხვდებოდით, რაც შეიძლება მეტი კომპანიისა და IT-სპეციალისტისთვის გაგვეზიარებინა. ამ გზით კი, შთაგვეგონებინა ისინი, უფრო საინტერესო პროექტები შეექმნათ და თავიანთ ციფრული არხებში საბოლოო მომხმარებლის გამოცდილება გაეუმჯობესებინათ. ასე დავიწყეთ კონფერენციები 2018 წელს, რომლებიც წლების განმავლობაში ევოლუციონირდება.
როგორ ვითარდებოდა კონფერენციის ისტორია?
საკმაოდ დინამიკურად განვვითარდით. 2018 წელს გვქონდა DevOps-ზე ორიენტირებული კონფერენცია, რომელსაც 100-მდე ადამიანი დაესწრო, 2019 წელს კვლავ DevOps Inspire-კონფერენცია ჩავატარეთ, რომელშიც ორასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. შემდგომ იყო ორწლიანი შუალედი კოვიდიდან გამომდინარე და შარშან ჩავატარეთ კონფერენცია კიბერუსაფრთხოებისა და DevOps-ის თემაზე – DevSecOps Inspire-ი, რომლის მონაწილეთა რიცხვი სამასამდე გაიზარდა.
წელს გადავიწყვიტეთ, რომ DevOps-ისა და კიბერუსაფრთხოების გარდა კიდევ სხვა ბევრი თემა იყო, რომელზედაც გვსურდა, აუდიტორიისთვის ცოდნა, გამოცდილება და ქეისები გაგვეზიარებინა, რისთვისაც წელს ოთხი სხვადასხვა სცენა გვექნება წარმოდგენილი. პირველ სცენაზე იქნება ციფრული ტრანსფორმაციები და ტექნოლოგიური პროექტები, რომელთაც ძალიან დიდი გავლენა იქონიეს ქვეყანაზე, კომპანიებზე ან ადამიანებზე – ტექნოლოგიური ტრენდები წარმოდგენილი იქნება მთავარ სცენაზე. მეორე სცენაზე იქნება DevOps-ი, მესამეზე – კიბერუსაფრთხოება, მეოთხეზე – Big Data.
ადრე ერთ სცენასა და ერთ ფორმატში ვერ ვასწრებდით აუდიტორიისთვის როგორც ტრენდების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას, ისე ტექნოლოგიების სიღრმისეულად გაცნობას და სხვადასხვა პროდუქტისა და პლატფორმის მუშაობის დემონსტრირებას. ამიტომაც წელს გადავწყვიტეთ, რომ მთავარ სცენას ისტორიებსა და ტრენდებს დავუთმობთ, ხოლო სხვა დანარჩენზე სრულად ვორქშოპები იქნება წარმოდგენილი. მხოლოდ ინჟინრებისთვის, მაქსიმალურად მოვიცავთ ყველა დეტალს და ფორმატის მოქნილობა დაგვეხმარება, რომ ყველა თემა უფრო ღრმად და ხარისხიანად დავფაროთ.
თქვენი აზრით, რატომ უნდა დაესწროს ტექნოლოგიური სფეროს ყველა ლიდერი HT Solutions-ი-ის კონფერენციას?
წელს, ერთი მხრივ, ვცადეთ, მაქსიმალურად გლობალურ ტრენდებზე გვესაუბრა – მაგალითად, Google-ი ჩამოდის, რომელიც გენერაციულ AIის განიხილავს და მეორე მხრივ, საქართველოზე და ზოგადად რეგიონზეც ვკონცენტრირებულიყავით. შესაბამისად, გვეყოლებიან როგორც ქართველი, ისე მხარდამჭერები და სპიკერები რეგიონებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან გვეწვევა AzerTelecom-ის დირექტორი ანა ნაკაშიძე, რომელიც ინტერნეტის გეოგრაფიაზე ისაუბრებს.
გარდა ამისა, საქართველოსთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი არის შავიზღვისქვეშა ელექტროკაბელი, რომელზე სასაუბროდაც კონფერენციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე დაესწრება და აღნიშნულ პროექტს დენისა და ინტერნეტის კონტექსტში განიხილავს. შესაბამისად, კონფერენციის ფარგლებში, ლოკალურად მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს და გლობალურ ტრენდებსაც სიღრმისეულად მოვიცავთ.
ვფიქრობ, რომ HT Solutions-ის კონფერენცია საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ გაიგონ, თუ რა ხდება ახლა გლობალურად და რას უნდა ველოდეთ ტექნოლოგიური მიმართულებით უახლოეს წლებში.
თქვენზეც რომ ვისაუბროთ, რას ნიშნავს პირადად თქვენთვის, თქვენივე გამოცდილებით, „ცვლილება“?
ზოგადად ასეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ, მაგალითად, თუ მაქვს არჩევანი, შევინარჩუნო სტატუს-კვო ან რაიმე უკეთესობისკენ შევცვალო, მირჩევნია, რამე ახალი გავაკეთო, რაც ან საკუთარი თავის, ან გარესამყაროს შეცნობის უფრო მეტ საშუალებას მომცემს. კონკრეტულად, ტექნოლოგიების კონტექსტში, როდესაც განვიხილავთ ცვლილებებს, ყოველთვის ვორიენტირდებით იმ საბოლოო შედეგზე და აუცილებლად გაუმჯობესებაზე, რომელსაც აღნიშნული ცვლილება მოიტანს.
თუმცა ცვლილება ყოველთვის მარტივი არ არის ხოლმე. ცვლილება საკუთარ თავში მოიაზრებს პროცესს, ტრანსფორმაციას, რომელიც ბევრ სირთულესთან და წინააღმდეგობასთანაა დაკავშირებული, ეს შეიძლება იყოს თავად პროცესი, ადამიანი, კულტურა და სხვ. შესაბამისად, ცვლილებების დანერგვა ძალიან რთულია და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ცვლილებები ქართულ კომპანიებს მივაწოდოთ და მათ დანერგვაში დავეხმაროთ. კონფერენციის ფარგლებში, გვსურდა გვესაუბრა არა მარტო იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს ცვლილებებს, არამედ თვით პროცესის სირთულეზეც. ვინაიდან ლიდერებს ყოველდღიურად ხვდებათ დაბრკოლებები, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ტრანსფორმაციისას გამოწვევების დაძლევა სხვებსაც უწევთ. აქედან გამომდინარე, ვისაუბრებთ ცვლილებებისა და წარმატების ისტორიებზე, თუმცა აუცილებლად იმ კონტექსტში, თუ რა დაბრკოლებები შეხვდათ ლიდერებს და როგორ გადალახეს ისინი.
მაგალითისთვის რომ გითხრათ, წელს კონფერენციის სპიკერებს შორის იქნება უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს წარმომადგენელი, რომლის გამოსვლის სახელწოდებაცაა: „სახელმწიფო მობილურ ტელეფონში“. გამოსვლა შეეხება ომის დაწყებისას სერვისების ძალიან დიდი ნაწილის, ძალიან მცირე პერიოდში, ტელეფონის აპლიკაციებში გადატანას, რათა მომხმარებელს ამ სერვისებზე წვდომა არ შესწყდომოდათ.ამ რთული პროცესის გადალახვა ძალიან საამაყო იყო და, ვფიქრობ, მისი გაზიარება საინტერესო იქნება მსმენელისთვის.
უკვე ვისაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ – რატომ გადაწყდა, კონფერენციის მთავარი თემა „ცვლილება“ ყოფილიყო?
თავიდან, წლევანდელი კონფერენციისთვის ძირითადი თემისთვის რამდენიმე ვარიანტი გვქონდა. შეგვეძლო გაგვეკეთებინა DevOps-ზე, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ფუნქციების, ანუ ახალი Software-ის ცვლილებების სწრაფად მიტანას მომხმარებლამდე, ასევე ვფიქრობდით, აქცენტი კიბერუსაფრთხოებაზე გაგვეკეთებინა, რაც მოიცავს ცვლილებების უსაფრთხოებას. განვიხილავდით Data-საც, რომელიც მონაცემებზე დაყრდნობით ცვლილებების მიღებასა და რისკის მაქსიმალურ შეზღუდვაზე იქნებოდა ორიენტირებული.
საბოლოოდ გადაწყდა, კონკრეტულად ერთი თემის მაგივრად, ჩვენ მიერ განხილული ყველა ვარიანტი მოგვეცვა. რეალურად დღეს IT-დეპარტამენტებისა და ხელმძღვანელებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ინდუსტრიაში მუდმივი ცვლილებებია, რომელთაც ფეხი უნდა აუწყონ და საკუთარ ორგანიზაციაში დანერგონ. ამიტომ თავი არ შევიზღუდეთ – ვსაუბრობთ ყველანაირი ტიპის ცვლილებაზე, რომლებიც დღეს ტექნოლოგიებს განსაზღვრავს და მნიშვნელოვანია IT-სფეროს წარმომადგენლების კარიერისა და წარმატებისთვის.
კონფერენციის მთავარ მომხსენებლებსაც რომ შევეხოთ – ვინ არიან და რატომ არიან საინტერესო მსმენელთათვის?
წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი ღონისძიება გვაქვს. როგორც უკვე ვახსენე, კონფერენციის მომხსენებლებს შორის იქნება AzerTelecom-ის დირექტორი ანა ნაკაშიძე, იქნებიან საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემების წარმომადგენლები, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მომხსენებლები, ასევე გვეყოლებიან სპიკერები გლობალური კომპანიებიდან (Google-ი, AWS-ი, Palo alto, Cisco), რომლებიც თავიანთ კონტექსტში ისაუბრებენ იმ ცვლილებებზე, რომელთაც გლობალურ ბაზარზე ხედავენ, ასევე – ხვალინდელი დღის ტექნოლოგიებზე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპიკერებს შორის გვეყოლება TBC ბანკი, რომელიც ძალიან დიდ ღირებულებას სძენს კონფერენციას. ბანკი აუდიტორიას გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას თავის ორგანიზაციაში DevOps-ის სხვადასხვა კომპონენტის დანერგვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, და ალბათ შემდგომ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მსმენელს კონსულტაციების გავლის საშუალებაც მიეცემა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით TBC-ის მიერ გამოვლილი სირთულეებისა და გამოწვევების უკეთ გასაგებად.
კონფერენციაზე საკუთარ ისტორიას მოგვიყვება Space-ი, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვეყოლება Tegeta, რომელიც ტექნოლოგიებისადმი თავის ხედვასა და გამოცდილებას გაგვიზიარებს და Toyota, რომელიც თავისი ციფრული პროდუქტების შექმნის ციკლზე გვესაუბრება. აქვე საინტერესოა, რომ Toyota საკუთარ ორგანიზაციულ კულტურაზეც გვესაუბრება: როგორ ახერხებენ IT-დეპარტამენტში პრობლემის წარმოქმნისას, აღნიშნულ პრობლემაზე კონცენტრირებით, და არა გადაბრალებებით, გამოწვევის დაძლევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია კულტურული IT-დეპარტამენტისთვის.
კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ კონფერენციის ფორმატს, უფრო მეტი დეტალი რომ გვითხრათ ღონისძიების ორგანიზებისა და პროგრამის შესახებ…
ოთხი, ერთმანეთის პარალელურად განთავსებული სცენა გვექნება. მთავარი სცენა უფრო იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, იქნება, რომელთაც დიდი გავლენის მქონე ტექნოლოგიური პროექტები და გლობალური და ლოკალური მოთამაშეების წარმატებისა და წარუმატებლობის ისტორიები აინტერესებთ. „თიბისის“ სცენა იქნება ინჟინრებისთვის, რომელთაც DevOps-ის კონკრეტული პროდუქტებისა და ციკლის მუშობაზე დაკვირვება სურთ, ასევე ცალკე იქნება კიბერუსაფრთხოებისა და Big Data-ს სცენები. თუმცა მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ მთავარი სცენა შენარჩუნდება და დანარჩენი შეზღუდული დროით, დაახლოებით 3-4 საათით იქნება წარმოდგენილი.
როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, წლევანდელი კონფერენცია ბევრად უფრო მასშტაბური იქნება – ამ მხრივ, რა ახალი გამოწვევები წარმოიქმნა ორგანიზებისას და როგორ ახერხებთ სპიკერების დაინტერესებას მონაწილეობისთვის?
გამოწვევები, რა თქმა უნდა, მასშტაბის ზრდას უკავშირდებოდა, საერთაშორისო დონის სპიკერების დაინტერესება და ჩამოყვანა დიდ საორგანიზაციო საქმიანობასთანაა დაკავშირებული. თუმცა მზადება საკმაოდ ადრე, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დავიწყეთ და ზუსტად ვიცოდით, კონფერენციის სპიკერებად ვისი მოწვევა გვინდოდა.
რაც შეეხება დაინტერესებას, ერთი მხრივ, მონაწილე ორგანიზაციები ჩვენი პარტნიორები არიან და პირადი კავშირებიდან გამომდინარე ვახერხებთ კონფერენციაზე მათ ჩამოყვანას. მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და აუდიტორიის ინტერესი. მაგალითად, წინასწარი რეგისტრაცია 500-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა, ბილეთების გაყიდვაც აქტიურად მიმდინარეობს, რაც, თავის მხრივ, გვეხმარება, დავარწმუნოთ სპიკერები, რომ აუდიტორია რეალურადაა დაინტერესებული მათი მოსმენით.
კონფერენციის პარტნიორებზეც რომ ვისაუბროთ – ვინ არიან ისინი და რატომ უჭერენ მხარს ღონისძიებას?
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია „თიბისი“, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიად პოზიციონირდება და, შესაბამისად, ბევრი მიზეზია, რის გამოც ჩვენს ღონისძიებას მხარს უჭერს. მსგავსად მხარდამჭერებს შორისაა Space-ი, Tegeta Motors-ი და Toyota. მათ გარდა, HT Solutions-ის კონფერენციის პარტნიორებს შორის არიან: Palo Alto, Muk-ი, AppDynamics-ი, Nozomi Networks-ი, Cloudera, AWS-ი და Google. მთავარი მედიაპარტნიორია გამოცემა Forbes Georgia.
დაბოლოს, საქართველოს ტექნოლოგიურ პერსპექტივაზეც რომ ვისაუბროთ. თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს HT Solutions-ი ინდუსტრიის ტრანსფორმაციის მიმართულებით?
ალბათ ამ მიმართულებით საქართველოსთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოკვეთილად მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხოება იქნება. უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწვდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს როგორც ტექნოლოგიებს, ასევე კომპეტენციებს და აქტიურად ვთანამშრომლობთ ბევრ მსხვილ ორგანიზაციასთან საქართველოში: მათთვის უზრუნველვყოფთ წვდომას ბრენდებსა და, გლობალურად, კიბერუსაფრთხოების წამყვან მომწოდებლებზე.
უკვე ნახსენებ შავიზღვისქვეშა კაბელსაც თუ დავუბრუნდებით, ერთ-ერთი გამოკვეთილი ტრენდი ბოლო პერიოდში Cloud-ტექნოლოგიებია და ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებითაც იზრდება ბიზნესების მზაობა და დაინტერესება. პარალელურად, ჩვენც, როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ Google-თან, AWS-სა და Microsoft-თან და წლევანდელ ღონისძიებას მათი წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
რაც შეეხება კონფერენციას, ვთვლით, რომ ღონისძიებაზე ყველა ის ადამიანი მოიყრის თავს, ვინც საქართველოში ტექნოლოგიურ კლიმატს ქმნის და პროექტებსა და ცვლილებებს ახორციელებს, ამავდროულად კი იქნებიან გლობალური მასშტაბის ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე ტექნოლოგიურ მომავალს ქმნიან და განსაზღვრავენ.
წინა წლების გამოცდილებიდან და წლევანდელი მასშტაბურობიდან გამომდინარე კი, შეგვიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ჩვენი ღონისძიება გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს და სხვადასხვა მიმართულების ცვლილებების ინიციირებას შეუწყობს ხელს.