ჩეხეთში მთავრობის მიერ მედიის დაფინანსების სქემის წინააღმდეგი დემონსტრაცია გაიმართა

ჩეხეთში მთავრობის მიერ მედიის დაფინანსების სქემის წინააღმდეგი დემონსტრაცია გაიმართა

ფოტო: Michael Turek/ AP

 

კვირას პრაღაში ასიათასობით ჩეხი შეიკრიბა მთავრობის გეგმის გასაპროტესტებლად, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის მოსაკრებლის გაუქმებასა და დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში გადატანას ითვალისწინებს. კრიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის მაუწყებლების დამოუკიდებლობასა და მათი ფუნქციონირების უნარს.

ორგანიზატორების განცხადებით, კვირის აქციაზე უფრო მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე მარტში გამართულ მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე, რომელშიც 200,000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა. მათი ვარაუდით, შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე მასშტაბური აქცია 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დაასრულა და ხელისუფლებაში დისიდენტი დრამატურგი ვაცლავ ჰაველი მოიყვანა.

კრიტიკოსები მთავრობის მიერ მედიის შესახებ წარდგენილ კანონპროექტს უნგრეთში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს ადარებენ, როდესაც მან მთავრობისადმი ლოიალური მედიასაშუალებების ფართო ქსელი შექმნა.

ჩეხეთის ოპოზიცია მთავრობას იმის გამოც აკრიტიკებს, რომ ოქტომბერში კანონპროექტის პირვანდელი ვერსია კენჭისყრაზე ღამით, დაჩქარებული წესით გაიტანეს. ისინი მმართველ კოალიციას კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

ცნობისათვის, ჩეხეთის მილიარდერი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის, პოპულისტური მთავრობა ჩეხურ კერძო და საზოგადოებრივ მედიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

მთავრობის კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის განკუთვნილი ყოველთვიური საოჯახო მოსაკრებლის გაუქმებას ითვალისწინებს, რომელიც დაახლოებით $10-ს შეადგენს. დოკუმენტმა უკვე გაიარა წინასწარი კენჭისყრა და ახლა შემდგომ განხილვას ელოდება.

კანონპროექტის კრიტიკოსების აზრით, დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში გადატანა მაყურებლებთან, რომლებიც მომსახურების საფასურს იხდიან, მედიის კავშირს მნიშვნელოვნად შეასუსტებს და სექტორს პოლიტიკური ზეწოლისადმი მოწყვლადს გახდის.

ცვლილებების ფარგლებში შემოთავაზებული დაფინანსების 15%-იანი შემცირება ტელევიზიის ნომინალურ ბიუჯეტს – 2008 წლის, ხოლო რადიოს ბიუჯეტს 2005 წლის ნიშნულამდე დაიყვანს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.