ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის „ჩელსი“ იმ კლუბების ჩამონათვალს შეუერთდა, რომლებიც „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ ინგლისურ კლუბში კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე, ცოტა ხნის წინ, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომაც დაწერა.
22 წლის ქართველი ფეხბურთელის შეძენით, ESPN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის „ჩელსის“ გარდა „მანჩესტერ სიტი“, მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და „ნიუკასლ იუნაიტედი“ ინტერესდებიან. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, გერმანულ მედიაში დაიწერა, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესს მიუნხენის „ბაიერნიც“ იჩენს.
გამოცემის ცნობით, „ნაპოლი“ ნებისმიერი ოფიციალური შეთავაზებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მზად არის. შეგახსენებთ, ქართველ გარემარბს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ბოლო ინფორმაციით, მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს ახალ კონტრაქტზეც, რომლითაც კვარაცხელიას გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ წყაროების ინფორმაციით, „ნაპოლი“ ქართველ ფეხბურთელს 100 მილიონ ევროზე მეტად აფასებს.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ 2022 წლის ზაფხულში, „დინამო ბათუმიდან“ შეუერთდა. იტალიელებმა ფეხბურთელში 13.3 მილიონი ევრო გადაიხადეს. Transfermarkt-ზე კვარაცხელიას საბაზრო ღირებულებად 85 მილიონი ევროა მითითებული. მონაცემი ბოლოს მიმდინარე წლის 15 ივნისს შეიცვალა.