ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ამერიკულ კომპანიებს ჩინეთთან დაკავშირებული ექსპორტისა და იმპორტის აქტივობებზე აკრძალვები დაუწესდება. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიების სიაში ისინიც მოხვდებიან, ვინც ტაივანს იარაღს აწვდის. ამ კომპანიებს ჩინეთში ახალი ინვესტიციების განხორციელებაც აეკრძალებათ.
არსებული ინფორმაციით, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს სიაში უკვე მოხვდნენ General Atomics Aeronautical System-ი, General Dynamics Land Systems-ი და Boeing Defense, Space & Security.
აღნიშნული სამი კომპანიის აღმასრულებელ ხელმძღვანელებს ჩინეთში შესვლა აეკრძალათ, მათი სამუშაო, სავიზიტო და საბინადრო უფლებები კი გაუქმდება. კიდევ რომელი ამერიკული კომპანიები მოხვდებიან ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ამკრძალავ სიაში, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ეკონომიკური ანალიტიკოსების მოსაზრებით, ჩინური უწყების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ აშშ-ის მიერ ჩინურ ელექტრომობილებზე, მზის ენერგიის გამომუშავების ხელსაწყოებსა და ჩიპებზე ტარიფების დაწესებას უკავშირდება. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს აკრძალვები დიდი ალბათობით აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხო ზომას წარმოადგენს.