ჩინეთი აშშ-ისგან ტაივანისთვის იარაღის პოტენციური მიყიდვის პროცესის გაუქმებას ითხოვს

ჩინეთი აშშ-ისგან ტაივანისთვის იარაღის პოტენციური მიყიდვის პროცესის გაუქმებას ითხოვს

ჩინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ტაივანისათვის იარაღის პოტენციური მიყიდვის პროცესის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას, აზიური ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ჩინური სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

ცნობისთვის, გასულ პარასკევს პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის სამხედრო ტექნიკის პოტენციური მიყიდვის დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო. პენტაგონის განცხადებით, საუბარია 108 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება, შეერთებული შტატების მხრიდან ტაივანის მხარდაჭერის კიდევ ერთი ღია გამოხატულებაა. ამან კი ჩინეთის მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია.

შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაივანის საჰაერო სივრცე 30-მდე ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა დაარღვია. ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბულობა პერიოდულად მწვავდება. თუმცა, შეერთებული შტატების ტაივანისადმი მხარდაჭერის გამო ვითარების ესკალაცია არ ხდება.