ჩინეთმა საკუთარი მონაცემების გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა წარადგინა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელიც ფოკუსკირებული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით ტექნოლოგიების გამოყენების შეჩერებასა და სხვა ქვეყნებიდან მონაცემების მოპარვის აღმოფხვრაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უცხოელი აქტორების მიერ მასობრივი თვალთვალის შეზღუდვის მნიშვნელობაზე და დასძინა, რომ ოფიციალური პეკინი ხელს შეუშლის ქსელების ბოროტად გამოყენებას სხვა ქვეყნების წინააღმდეგ თვალთვალის განხორციელების და პირადი მონაცემების არალეგალურად მოპოვების მიზნით.
გარდა ამისა, ჩინელმა მაღალჩინოსანმა მოუწოდა სხვა ქვეყნების მთავრობებს პატივი სცენ ქვეყნების სუვერენიტეტს საკუთარი ინტერნეტის გამოყენების თვალსაზრისით და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია პეკინს ჰქონდეს სრული კონტროლი ინტერნეტზე თავისი ტერიტორიაზე.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ორი ჩინური კომპანია, TikTok-ი და WeChat-ი, მომხმარებლების პირადი ინფორმაციის ჩინეთის სახელმწიფოსთვის გადაცემაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა ბრალდება უარყო და ვაშინგტონის გადაწყვეტილებებს უსაფუძვლო და უსამართლო უწოდა.