ჩინეთში iPhone-ის გაყიდვები 19%-ით შემცირდა - Huawei-ს სმარტფონებზე მოთხოვნა იზრდება

ჩინეთში iPhone-ის გაყიდვები 19%-ით შემცირდა - Huawei-ს სმარტფონებზე მოთხოვნა იზრდება

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში iPhone-ის გაყიდვები მკვეთრად შემცირდა, რასაც კონკურენციის ზრდას უკავშირებენ. როგორც ბაზრის კვლევის ფირმა Counterpoint Research-ის ახალ მოხსენებაშია ნათქვამი, აზიურ ქვეყანაში Apple-ის მთავარი კონკურენტი Huawei-ა, რომლის პროდუქტზე მოთხოვნაც მნიშვნელოვნად იზრდება.

2024 წლის პირველ სამ თვეში ჩინეთში iPhone-ის გაყიდვები 19.1%-ით შემცირდა. პარალელურად, Counterpoint-ის მონაცემებით, ამავე პერიოდში Huawei-ს სმარტფონების გაყიდვები 69.7%-ით გაიზარდა. ეს, დიდწილად, განპირობებული იყო ჩინური კომპანიის მიერ Mate 60 სმარტფონის გამოშვებით. მოდელი მძლავრი ჩიპით არის აღჭურვილი, რომელიც შემდეგი თაობის 5G მობილურ კავშირს უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ზოგად სურათს, Counterpoint Research-ის შეფასებით, ჩინეთში სმარტფონების გაყიდვები მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 1.5%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მხრივ მეორე კვარტალშიც დადებით შედეგებს პროგნოზირებენ.

მოსალოდნელია, რომ ჩინურ ბაზარზე სმარტფონების მწარმოებლებს შორის კონკურენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, მით უფრო, რომ ადგილობრივ კომპანიებს AI-ის მიმართულების განვითარების კუთხით დიდი გეგმები აქვთ.