ჩიპების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრების ფონზე, Nvidia $5.5-მილიარდიან ზარალს ელის

ჩიპების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრების ფონზე, Nvidia $5.5-მილიარდიან ზარალს ელის

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Nvidia-მ ინვესტორები გააფრთხილა, რომ აშშ-ის მთავრობის მხრიდან ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი ჩიპების ექსპორტის გამკაცრებული კონტროლი კომპანიას $5.5 მილიარდს აზარალებს.

მარეგულირებლისთვის შევსებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ Nvidia-ს მოუწევს სპეციალური ლიცენზიის მიღება “გაურკვეველი ვადით”, რათა ჩინეთში თავისი H20-სერიის ჩიპები გაყიდოს. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ სავაჭრო დაძაბულობა ჩიპების ჩინურ სუპერკომპიუტერებში გამოყენების რისკებს გაზრდის. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავდა, H20-სერიის ჩიპზე ლიცენზირების მკაცრი მოთხოვნების დაწესებისგან თავი შეეკავებინა.

გაფრთხილებას წინ უძღოდა Nvidia-ს განცხადება აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით. ცნობილი გახდა, რომ სამომავლოდ ტექგიგანტი ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერებს სრულად შეერთებულ შტატებში აწარმოებს. კომპანია აღნიშნავს, რომ ეს ინვესტიცია მომდევნო 4 წლის განმავლობაში ნახევარი ტრილიონი დოლარის ღირებულების AI-ინფრასტრუქტურას შექმნის.

მოსალოდნელი ზარალის დაანონსებიდან მალევე, Nvidia-ს აქციების ფასი 5.2%-ით შემცირდა, ხოლო მისი კონკურენტი კომპანია AMD-ის აქციების ღირებულება – 5.9%-ით. მსგავსი ზეწოლა იგრძნო აზიურმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმაც — Advantest-ის აქციების ფასი 6.6%-ით დაეცა, Disco Corp.-ის – 8%-ით, ხოლო ტაივანური TSMC-ის აქციები 2.5%-ით გაუფასურდა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ელექტრომოწყობილობებზე – მათ შორის სმარტფონებსა და ლეპტოპებზე – მოქმედი ტარიფებისგან გათავისუფლება დროებითი ღონისძიებაა, ვიდრე ახალ, ნახევარგამტარების ინდუსტრიაზე მორგებულ სატარიფო სტრატეგიას არ შეიმუშავებენ.