მულტინაციონალური შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ტიჯან თიამი გადადგა. ამის მიზეზი გასულ წელს თვალთვალთან დაკავშირებული ორი სკანდალი გახდა, რის გამოც ფინანსური კონგლომერატი დაზარალდა.
Credit Suisse-ის დირექტორთა საბჭო დაეთანხმა თიამის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას და ახალ CEO-დ Credit Suisse-ის ვეტერანი თანამშრომელი თომას გოტშტაინი დანიშნა.
ცნობილი გახდა, რომ გასულ წელს, Credit Suisse-ის ყოფილი მთავარი საოპერაციო ოფიცერი პიერ-ოლივიე ბუე ჩართული იყო თვალთვალის ორ ოპერაციაში, ერთ-ერთ შემთხვევაში ეს ეხებოდა ქონების მართვის ყოფილ უფროსს იქბალ ხანს, ამის შემდეგ კი ბუე დაადანაშაულეს Credit Suisse-ის ადამიანური რესურსების სამსახურის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ სათვალთვალო ოპერაციის შეკვეთაშიც. ბუეს ამ ოპერაციების შესახებ ბანკის მმართველებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. ხოლო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა თვალთვალის შესახებ, იგი მალევე გადადგა.
თავად შვეიცარიული ბანკის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ტიჯან თიამი თავის განცხადებაში ამბობს:
“არ ვიცოდი ორი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ თვალთვალის შესახებ. ამან ეჭვგარეშეა, რომ დააზიანა Credit Suisse-ი და გამოიწვია მღელვარება. ვწუხვარ, რომ ეს მოხდა, ეს არ უნდა მომხდარიყო”.
როგორც ცნობილია, თიამი მიმდინარე კვირას დატოვებს თანამდებობას, მას შემდეგ, რაც ის 2019 წლის მეოთხე კვარტლის და ასევე წლიურ მონაცემებს წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ თიამი და ბუე თითქმის ორი ათწლეულია ერთად მუშაობდნენ სხვადასხვა კომპანიებშიც, ვიდრე შვეიცარიული ბანკის ჟგუფს შეუერთდებოდნენ. კერძოდ, ისინი პარიზში 2000-2002 წლებში McKinsey-ში მუშაობდნენ, ასევე 2004 წელს ბრიტანულ სადაზღვევო კომპანია Aviva-ში, შემდეგ Prudential-ში და 2015 წლიდან Credit Suisse-ში.