2000 წლიდან, ამ საუკუნეში მომხდარი სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფონზე, რომელმაც მილიონობით ადამიანი უკიდურესი სიღარიბიდან ამოიყვანა, ჰაერისა და სხვა ტიპის დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2/3-ითაა გაზრდილი, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში, The Lancet Planetary Health-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით. როგორც მკვლევრები აცხადებენ, მომატებული სიკვდილიანობის 90% სწრაფად განვითარებად, დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის.
სტატიის ერთ-ერთი ავტორის, რიჩარდ ფულერის თქმით, შედარებით ღარიბ ქვეყნებში მოსახლეობისა და სიმდიდრის ზრდასთან ერთად იმატებს ელექტროსადგურების, პროდუქტების მწარმოებელი ობიექტებისა და ტრანსპორტის რაოდენობა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვება ისეთ ადგილებში, სადაც დაბინძურების საწინააღმდეგო სტანდარტები არ არსებობს.
სხვადასხვა ტიპის დაბინძურების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი იღუპება – სიკვდილიანობის უდიდეს ნაწილზე პასუხისმგებელი დაბინძურებული ჰაერია, მაგრამ სიკვდილის მიზეზად ხშირად ტყვიითა და სხვა ქიმიკატებით გამოწვეული დაბინძურება სახელდება. მკვლევრების დათვლებით, ქიმიკატებით დაბინძურების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 1.8 მილიონი ადამიანი კვდება, რაც მათი აზრით, ქიმიური დამაბინძურებლების ფართო გავრცელებითაა გამოწვეული.
ქიმიური წარმოება გლობალურად ყოველწლიურად საშუალოდ 3.5%-ით იზრდება, ხოლო 2030 წლისთვის მისი გაორმაგებაა მოსალოდნელი. ამავდროულად, გლობალური ქიმიური წარმოების ორი-მესამედი დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, სადაც მათი შემოწმების სტანდარტები არცთუ ისე კარგადაა დაცული.
ქიმიკატებს შორის ყველაზე გავრცელებული და სახიფათო – ტყვიაა, რომელმაც 900 ათასი ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია, მხოლოდ 2019 წელს და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებმა ის საწვავის შემადგენლობიდან ამოიღეს. UNICEF-ის 2020 წლის დათვლებით, სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია სამიდან ერთს, ანუ 800 მილიონ ბავშვს აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ ტყვიით მოწამვლა ბავშვების IQ-მაჩვენებლის სამიდან ხუთ პუნქტამდე შემცირებასთანაა დაკავშირებული.