დამატებით €4 მილიარდი - EU ღარიბ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად დაფინანსებას უზრდის

დამატებით €4 მილიარდი - EU ღარიბ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად დაფინანსებას უზრდის

ევროკავშირმა პირობა დადო, რომ ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად კლიმატის ცვლილებებთან  ბრძოლაში ფინანსურ მხარდაჭერას კიდევ უფრო გაზრდის. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა შეერთებულ შტატებს, გააძლიერონ მათი მხარდაჭერა ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად.

„კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისათვის ჩვენ 2027 წლამდე დამატებით 4 მილიარდ ევროს გამოვყოფთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას.

„ვიმედოვნებთ, რომ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში შეერთებული შტატები და ჩვენი სხვა პარტნიორებიც შემოგვიერთდებიან.

ევროკავშირის ბიუჯეტი დამატებით 4 მილიარდ ევროს გამოყოფს 2021–2027 წლებში. შედეგად ევროკავშირი ყოველწლიურად $25 მილიარდს დახარჯავს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის დაფინანსებაში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ კლიმატის დაფინანსება იქნება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გაეროს  COP 26 ნოემბრის სამიტზე, სადაც მსოფლიო ლიდერები  ვალდებულებებზე შეთანხმებას შეეცდებიან, რათა სწრაფად შეამცირონ გამონაბოლქვის ემისია.

სამწუხაროდ, მდიდარმა  ქვეყნებმა ვერ შეასრულეს 2009 წელს დადებული პირობა, რაც გულისხმობდა ყოველწლიურად $100 მილიარდის დაფინანსების გამოყოფას ღარიბი ქვეყნებისათვის კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად.

განვითარებადი ქვეყნები აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ნახშირორჟანგის ემისიას შეამცირებენ. შესაბამისად, ამ პრობლემის დასაძლევად მდიდარი ქვეყნების დახმარება  სჭირდებათ.

ინდოეთი­ – მსოფლიოში სათბური აირების რიგით მეოთხე გამავრცელებელი, აცხადებს, რომ ნებისმიერი შემდგომი ვალდებულება, შეამციროს სათბური აირების ემისია, მდიდარი ქვეყნების დაფინანსებაზე იქნება დამოკიდებული.

შეერთებულმა შტატებმა აპრილში პირობა დადო, რომ გააორმაგებდა კლიმატის დაფინანსებას განვითარებადი ქვეყნებისათვის, თუმცა ექსპერტები მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას მეტის ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააორმაგებს საერთაშორისო დაფინანსებას ბიომრავალფეროვნების დასაცავად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *