„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“, რომელიც საქართველოს ბაზარს PORSCHE-ს
პრემიუმ-პროდუქციას ათ წელზე მეტია აწვდის, ამიერიდან მომხმარებელს
ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას ახალი კონცეფციის სერვისცენტრში სთავაზობს.
2022 წლის 7 ოქტომბერი „პორშე ცენტრი თბილისის“ ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღთა სიაში ჩაიწერა. ამ დღეს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში განახლებული სერვისცენტრი გაიხსნა.
„პორშე ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი პირველი ლოკაციაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც Destination Porsche-ს კონცეფციით შეიქმნა. გერმანული პრემიუმ-ბრენდი მსოფლიო მასშტაბით Porsche-ს სხვა ცენტრების რეკონსტრუქციას სწორედ თბილისის მაგალითზე დაყრდნობით გეგმავს. „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი სერვისცენტრის მშენებლობისთვის 20 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შოურუმის განახლებაზე ცხრა თვის განმავლობაში მუშაობდნენ. შენობა 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და შოურუმსა და სერვისცენტრს აერთიანებს. მთავარ დარბაზში 7 ავტომობილის გამოფენაა შესაძლებელი, საოფისე ზონაში კი 17 სამუშაო პლატფორმაა განლაგებული. ცალკე გამოიყო სივრცე იმ მომხმარებლისთვის, ვისაც შესაძლებლობა აქვს, უახლესი და ექსკლუზიური მოდელების დათვალიერების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, მანქანის ექსტერიერიცა და ინტერიერიც საკუთარი გემოვნებით, კონფიგურატორის დახმარებით შეარჩიოს. აქ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, პირადად გამოსცადოს Porsche-ს თამამი სტილი. „გვინდა, რომ გერმანული პრემიუმ- -ბრენდის მომხმარებლისთვის ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს“, – აცხადებენ კომპანიაში.
Forbes Infrastructure-ს ინოვაციური პროექტის დეტალებზე „პორშე თბილისი ცენტრის“ დირექტორი პეტრე წაქაძე ესაუბრა.
ბატონო პეტრე, გილოცავთ პროექტის წარმატებით განხორციელებას! თავდაპირველად რომ განგვიმარტოთ, რაზეა გამახვილებული ყურადღება ახალ სერვისცენტრში?
რამდენად განსხვავებულიც არის Porsche, იმდენად განსხვავებული შოურუმი გავაკეთეთ. გვიხარია, რომ ჩვენი ახალი შოურუმი მოგვცემს საშუალებას, Porsche-ს ქართველ თაყვანისმცემლებს ბრენდი სრულყოფილად წარვუდგინოთ. ამაში უდიდესი შრომა ჩავდეთ.
შოურუმის განახლებაზე სამშენებლო კომპანია „გრავიტამ“ მუშაობა 2021 წლის ნოემბერში დაიწყო. გერმანული ბრენდის სტანდარტების მიხედვით, სრულად განახლდა საოფისე ნაწილი და შეიქმნა შოურუმის დიზაინი. Destination Porsche-ს კონცეფციით შექმნილ სივრცეში თეთრი ფერი ჭარბობს და აქცენტი ალუმინისა და ხის ფაქტურის კომბინაციაზეა გაკეთებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შოურუმს დაემატა საექსპოზიციო სივრცე. საგანგებოდ მოეწყო Fitting Lounge-ი, სადაც ინდივიდუალური დიზაინის შესარჩევად სხვადასხვა მასალისა და ფერის ფართო არჩევანია წარმოდგენილი. გარდა კომფორტისა და ვიზუალური დახვეწილობისა, ჩვენ პირველ რიგში ვიზრუნეთ თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე და სერვისში დავაყენეთ ტექნიკური გამწოვები და CO2-ის დეტექტორები, ვინაიდან როდესაც ავტომობილი დაქოქილია, ის გამოყოფს ნახშირორჟანგს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
Porsche-ს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში ელექტრომობილების ხაზი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენად არის გათვალისწინებული ეს მიმართულება ახალ სერვისცენტრში?
რა თქმა უნდა, ახალ სერვისცენტრში ცალკე გამოიყო სივრცე ელექტრიფიცირებული მოდელებისთვის, სადაც ნებისმიერი სერვისის მიღებაა შესაძლებელი. Porsche-ს მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსები მომხმარებელს გერმანული სტანდარტების ტექნიკითა და ხელსაწყოებით მოემსახურებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს მექანიკოსებს მაღალი ძაბვის ბატარეებთან მუშაობის საერთაშორისო სერტიფიკატები აქვთ. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ „პორშე ცენტრი თბილისი“ კავკასიის რეგიონში ელექტრომობილების ჰაბად მიიჩნევა.
ახალი სერვისცენტრის ინვენტარი, აპარატები და ტექნიკა „პორშეს“ რეკომენდებული მწარმოებლებისგან გვაქვს შეძენილი. სერვისში დავამონტაჟეთ 7 თანამედროვე ამწე, რომლებიც გერმანიიდან ჩამოვიტანეთ. საგანგებოდ არის შერჩეული სერვისის ფილებიც – ისინი ძლიერ დარტყმას უძლებენ, რაც მუშაობის პროცესში დაზიანების რიკსებს ამცირებს. მექანიკოსების სამუშაო მაგიდებიც კი „პორშეს“ სტანდარტს ერგება.
გარდა ამისა, შოურუმისა და სერვისის ტერიტორიაზე Porsche-ს რვა ელექტროდამტენი განთავსდა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ავტოსადგომზე, რომლის ფართობიც 400 კვადრატული მეტრია, 40-მდე ავტომობილის განთავსებაა შესაძლებელი. ელექტრომობილების პოპულარიზაცია Porsche-ს გლობალური ხედვის ნაწილია და ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იქნება.
რას სთავაზობთ მომხმარებელს თქვენ, როგორც Porsche-ს ოფიციალური წარმომადგენელი?
ჩვენ მომხმარებელს ბრენდის სრულ ასორტიმენტს ვთავაზობთ, ანუ ყველაფერს, რასაც Porsche აწარმოებს. მომხმარებელს შეუძლია, შეუკვეთოს ნებისმიერი მოდელის Porsche, თუმცა მოლოდინის პერიოდი განსხვავდება მოდელის მიხედვით. სტანდარტული ჯიპის მოდელის შემთხვევაში, დაახლოებით 3-4 თვეა საჭირო, სპორტქარების ჩამოყვანას კი შესაძლოა, 6 თვე დასჭირდეს. თუმცა, თუ ევროპის ქვეყნებს ან ამერიკას შევადარებთ, იქ Porsche-ს სპორტქარების მოლოდინის რეჟიმი 18-24 თვეა.
საქართველოს რა პრივილეგიის ფარგლებში აქვს ასეთი დაბალი მოლოდინის დრო?
„პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზარზე უკვე 11 წელია, ოპერირებს, Porsche-სთან ათწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს და ისინი კარგად გვიცნობენ. ჩვენ ამ ბრენდის სიახლეებს ადგილობრივ ბაზარს მუდმივად ვაცნობთ. ზოგადად Porsche ყოველ 10 წელიწადში ერთხელ იცვლის კონცეფციას. ბოლოს ეს 2020 წელს მოხდა და ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც გამოთქვა სურვილი, რომ Porsche-ს ცენტრი განახლებული კონცეფციით გაეხსნა.
რამდენად მზარდია Porsche-ზე მოთხოვნა საქართველოში და რომელი მოდელებია ყველაზე მოთხოვნადი?
მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, თითქმის ყოველ წელს რეკორდული გაყიდვები გვაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ „პორშე ცენტრი თბილისი“ ჩვენს რეგიონში ბრენდის ყველაზე მეტ ავტომობილს ყიდის. 2021 წელთან შედარებით გაორმაგების ტენდენცია გვაქვს. 2021 წელს მხოლოდ საქართველოში 91 ახალი Porsche გაიყიდა. იმედი გვაქვს, რომ წელს დაახლოებით 180 ერთეულს გავყიდით.
რას უნდა ველოდოთ „პორშე ცენტრი თბილისისგან“?
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმ სტრატეგიისა და გეგმების გაზიარებაზე, რასაც Porsche გვთავაზობს. სწორედ ამიტომ „პორშე“ გრძელვადიან, სტრატეგიულ პარტნიორად მიგვიჩნევს. ამის ერთ-ერთი დასტურია ჩვენი ამბიციური გეგმაც. „პორშეს“ ცენტრალურ ოფისთან ერთად უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ, მასშტაბურ პროექტზე და 2024 წელს ბათუმში „პორშეს“ ცენტრის გახსნას ვგეგმავთ.