დღეგრძელობა იმეილს!

დღეგრძელობა იმეილს!

ინბოქსი სასიკვდილოდ გაწირეს. დღეს მის მკვდრეთით აღდგომაზე FRONT-ის ორი დამფუძნებელი მუშაობს – სტარტაპისა, რომელსაც დიდი სახელის მქონე დამფინანსებლები ჰყავს და აქვს მისია, ძველმოდური იმეილი კვლავ სუპერმოდურად აქციოს. 

მატილდ კოლინი, ლონდონის კოშკზე მომზირალ შენობაში შესვლამდე, თავის ზურგჩანთასთან ნერვიულად ფაციფუცობდა – ღელავდა, ვაითუ “ზედმეტად სანფრანცისკოურად“ მოვეჩვენო აღმასრულებლებსო, რომლებიც ამას წინათ 134 წელს მიღწეულ გადაზიდვების საბროკეროს თაოსნობენ. კოლინს, სტარტაპ Front-ის აღმასრულებელ დირექტორს, იქ თავისი პროგრამული უზრუნველყოფის იდეა უნდა გაეყიდა – პროგრამული უზრუნველყოფისა, რომელიც სტანდარტულ იმეილ- ინბოქსს საზიარო სამუშაო სივრცედ აქცევს და იდეალურ პლატფორმას ქმნის ლოგისტიკის გუნდისათვის, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადამზიდი გემების ხელმისაწვდომობასა და ფასებთან დაკავშირებით უამრავ კითხვაზე უწევს პასუხის გაცემა.

კოლინსისდა გასაკვირად, მისი იდეით საბროკერო Simpson Spence Young-ი უმალ მოიხიბლა. ამ კომპანიას თავისი თანამშრომლების გამოკითხვა ჩაეტარებინა და აღმოეჩინა, რომ საკომუნიკაციო საშუალებები (რომლებიც გასული საუკუნის ტელეგრაფებზე უფრო იყო მორგებული) გაუმჯობესებას საჭიროებდა. მათ Front-ის დახმარება სჭირდებოდათ. როგორც ირკვევა, არაერთი შედარებით ხნიერი ბიზნესი, რომლებიც აქტიურად იყენებენ იმეილს, მოწადინებულნი არიან, Front-ის დახმარება მიიღონ. “ახალი ინსტრუმენტი მათ ცხოვრებას შეცვლიდა, – ამბობს 30 წლის კოლინი. – ჯობია, არსებული გაიუმჯობესო”.

Front-ის კლიენტები უფრო ახალგაზრდა ტექნოლოგიური ფირმებიც არიან, მაგალითად, Shopify და კერძო გადახდების ლიდერი Stripe-ი, და თვეში $9-დან $79-მდე იხდიან თითო მომხმარებლისთვის (რაც უფრო მეტს იხდი, მით მეტ საზიარო ინბოქსსა და ფუნქციაზე გეძლევა წვდომა). ჯამში, ამ შვიდი წლის ფირმას 5,500 მომხმარებელი ჰყავს, შემოსავალი კი, 2017-ის შემდეგ, გაოთხმაგებულია: გათვლების თანახმად, გასულ წელს $32 მილიონი შეადგინა.

Front-ი პაწაწინაა, მაგრამ მისი ელიტური დამფინანსებლები, მათ შორის, Sequoia Capital-ი, პროგრამული უზრუნველყოფის ლიდერების – Atlassian-ის, Qualtrics-ისა და Zoom-ის – დამფუძნებლები და თვით იმეილის მკვლელი Slack-ი, მასზე მაინც დებენ ფსონს. მათ თითქმის $140 მილიონი ჩაღვარეს ამ სან- ფრანცისკოში დაფუძნებულ კომპანიაში და მისი ღირებულებაც $800 მილიონს გადააცილეს იანვარში, რაც ოთხჯერ აღემატება ორი წლის წინანდელ მაჩვენებელს. მათგან განსხვავებით, ვინც უკანმოუხედავად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა იმეილს (Slack-ი, მაგალითად, მისი სრულად ჩანაცვლების მისიას ხელმძღვანელობდა და სწორედ ამ მისიით მიიყვანა შარშან თავი სადებიუტო პირველად საჯარო შეთავაზებამდე), კოლინსა და Front-ის მეორე დამფუძნებელს, 38 წლის ლორან პერინს მიაჩნიათ, რომ Microsoft Outlook-ისა და Google-ის Gmail-ის ბატონობის ქვეშ მყოფი აწ უკვე სტაჟიანი პროტოკოლის პრობლემა შეფუთვაშია და არა საკუთრივ პროდუქტში.

ფრანგმა თანადამფუძნებლებმა ერთმანეთი 2013-ში, პარიზში მდებარე სტარტაპ- სტუდია eFounders-ის მეშვეობით გაიცნეს. კოლინს, რომელიც მათემატიკასა და ანტრეპრენიორობას სწავლობდა HEC Paris-ის ბიზნესსკოლაში, სამსახური კორპორაციულ კულტურაში იმედგაცრუების გამო მიეტოვებინა. პერინი, რომელიც ინჟინერია, ფრანგულ ონლაინრადიოსერვისში ტექნოლოგიების დირექტორის ამპლუაში გატარებული თითქმის ოთხი წლის შემდეგ ახალ სამუშაოს ეძებდა. მცირედი ბრეინსტორმინგის შედეგად, წყვილმა გადაწყვიტა, რომ კორპორაციული ხარვეზების სამყაროში მათი ბილეთი კოლაბორაციული საზიარო ინბოქსი იქნებოდა (წარმოიდგინეთ, რომ კომპანიისგან მიღებული ნებისმიერი იმეილის მისამართი “ინფოთი“ ან “დახმარებით“ იწყება). Front-ამდე, ერთი კლიენტის შეკითხვა იმეილების ნიაღვარს გამოიწვევდა კომპანიაში: ერთიანი პასუხის გაცემის მიზნით, ამ შეკითხვას კოლეგები ერთმანეთს დაუკოპირებდნენ, მერე უკუკავშირსაც დაუფორვარდებდნენ ერთმანეთს და იქნებოდა ერთი ამბავი.

Front-ით, მომხმარებლებს საზიარო იმეილზე აქვთ წვდომა, რომელიც შემომავალ წერილებს ცოცხალი დოკუმენტებივით ეპყრობა, საშუალებას იძლევა, დაურთო შენიშვნები, დათაგო კოლეგები და შექმნა პასუხების დრაფტები ისე, რომ იმეილები არ გაგზავნო. როცა Front-ში, საცდელ რეჟიმში, ათი-თორმეტი კომპანია გაწევრიანდა, თანადამფუძნებლები კალიფორნიაში გაფრინდნენ, რათა გასაუბრება გაევლოთ პრესტიჟული სტარტაპ- აქსელერატორ Y Combinator-ის 2014 წლის ზაფხულის პროგრამისთვის.

პროგრამულ უზრუნველყოფაზე ლაპარაკის საქმე კოლინმა აიღო თავის თავზე და Front-ი უხვად აქო პარტნიორებთან, მათ შორის, Gmail-ისა და Yahoo Mail-ის შემქმნელებთან. სერიოზული უკუკავშირის მომლოდინემ მარტივი გზავნილი მიიღო: გაჰყევით თქვენს ზრდას. “რაღაც იყო მასში – კონკურენტუნარიანობა და თავდაჯერებულობა, რაც მოგვეწონა, – ამბობს Yahoo Mail-ის შემქმნელი ჯეფ რალსტონი, რომელიც დღეს Y Combinator-ის პრეზიდენტია. – კონტრინტუიციური იყო. იმეილი? ამან უნდა შექმნას ახალი მილიარდდოლარიანი კომპანია?“ Front-ს კარგად მისდის საქმე ინვესტორების დამსახურებით. თუმცა არა მარტო – ეს ერთგული მიმდევრების დამსახურებაცაა. ჩიკაგოში მდებარე Edge Logistics-ის პრეზიდენტის, უილიამ კერის თქმით, მას სრულ განაკვეთზე მომუშავე კადრი სჭირდებოდა იმეილების განსაკარგავად… ვიდრე Front-ს არ აღმოაჩენდა.

დღეს კომპანიას ავტომატურად შეუძლია ფასებთან დაკავშირებული შეკითხვა- მოთხოვნების დისტრიბუცია თავის წარმომადგენლებში, რომლებიც ადარებენ ტარიფებს და კონსენსუსსაც აღწევენ ერთი იმეილის ფარგლებში მანამ, სანამ შესაბამისი გაყიდვების წარმომადგენლისგან მიიღებენ პასუხს. “ჩემს ბიზნესში წარმატება ხშირად იმაზეა დამოკიდებული, რომ იყო პირველი, ვინც ფასების დოკუმენტს წარადგენ, – ამბობს კერი. – როცა წელიწადში 60,000 ან 70,000 სამუშაოზეა ლაპარაკი, ეს მართლა საგრძნობლად გიცვლის საქმეს“.

კოლინისა და პერინის საბოლოო მიზანი Gmail-ისა და Outlook-ის დაჯაბნაა, პარალელურად კი Front-თან ე.წ. პროდუქტიულობის აპლიკაციების დაკავშირებაზეც მუშაობენ, რათა მისი კოლაბორაციული იმეილები თანამშრომლის ცენტრალურ ჰაბად იქცეს. ანალიტიკოსები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილნი: აეჭვებთ, რამდენად შეძლებს Front-ი ზემოაღნიშნული დუოპოლიისთვის სერიოზული საფრთხის შექმნას. ორივე ეს კომპანია თავიანთ იმეილის პროდუქტებს სხვა ინსტრუმენტთა კომპლექტში აერთიანებენ, როგორიცაა, მაგალითად, G Suite-ი Google-ის შემთხვევაში და Office 365 Microsoft-ისთვის.

“არაერთმა სტარტაპმა იპოვა შესაძლებლობები Microsoft-ისა და Google-ის ცხვირწინ, – ამბობს Wedbush Securities-ის მმართველი დირექტორი დენიელ აივსი, – მაგრამ მე იმეილს ისე აღვიქვამ, როგორც ადამიანთა უმეტესობა აღიქვამს ხელსაწმენდებს რესტორანში: მათში ფულს არ ვიხდით“. Front-ის მომხმარებლის, Stripe-ის აღმასრულებელი დირექტორის, პატრიკ კოლიზონის თქმით, ის თავის აწ უკვე $35-მილიარდიან გადახდების ბიზნესსა და Front-ს შორის მსგავსებას ხედავს: ეს არის მზაობა, იმ ინდუსტრიას მოჰკიდო ხელი, რომლებიც სხვებმა უკუაგდეს. კოლიზონისთვის კითხვა ის კი არაა, შეძლებს თუ არა Front-ი ბაზარზე თავის დამკვიდრებას, არამედ ის, თუ რამდენად მასშტაბური სახე ექნება ამას.

“ვფიქრობ, მატილდიც აცნობიერებს ამას ისევე, როგორც ნებისმიერი შედარებით ახალბედა აღმასრულებელი დირექტორი“, – ამბობს ის. კოლინი ფსონს საკუთარ თავზე დებს. ამას წინათ, როგორც ამბობს, ტექნოლოგიის რამდენიმე ყველაზე ანგარიშგასაწევი აღმასრულებელი დირექტორი დაუკავშირდა, მათ შორის, Microsoft-ის სატია ნადელა და Salesforce-ის მარკ ბენიოფი. მათი მოტივები კოლინისთვის გასაგებია. ამბობს, რომ კომპანიის გაყიდვით საერთოდ არ არის დაინტერესებული: “ჩვენ ჯერ .0001%-ზე ვართ იმისა, რის გაკეთებაც შეგვიძლია“.