დისტანციურად მუშაობის აბსოლუტისტი

დისტანციურად მუშაობის აბსოლუტისტი

GitLab-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიდ სიბრენდიმ თითქმის $3 მილიარდად შეფასებული დეველოპერული ინსტრუმენტების ბიზნესი ისე შექმნა, რომ არავითარი ოფისი არ ჰქონია. ახლა ის კომპანიებს ნაწილობრივი დისტანციური მუშობის რისკების შესახებ აფრთხილებს.  

[MAINPICTURE]

სიდ სირბენდი იცნობს სახლიდან მუშაობის საფრთხეებს. 2018-ში, სან- ფრანცისკოს ცათამბჯენის 47-ე სართულზე მდებარე თავისი პატარა ოთახიდან წლობით შრომის შემდეგ, ანტრეპრენიორს ფეხის პრობლემები შეექმნა. ჰოდა, თავის Zoom-თან დამეგობრებულ მწვანე ეკრანსა და სამ მონიტორთან ერთად, ოთახში ტრენაჟორი-მაგიდაც შეიტანა.

მაგრამ GitLab-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პრობლემა დისტანციური მუშაობა კი არაა, არამედ ის, თუ როგორ ახორციელებ ამას პრაქტიკაში. თუ თქვენი დამქირავებელი არაა ერთ-ერთი იმ რამდენიმე კომპანიათაგან, რომელთაც სრულად აითვისეს ახალი სამუშაო რეალობა, სიბრენდის აზრით, თქვენ ამას არასწორად აკეთებთ. მისი რადიკალური შეხედულება დისტანციურ მუშაობაზე ასეთია: ის ეფექტიანი მხოლოდ მაშინაა, თუ მთლიანად ამ სახით მუშაობ. ნაწილობრივი ზომები თანამშრომელთა ისეთ კატეგორიებს წარმოშობს, რომლებიც, დროთა განმავლობაში, სამუშაო ძალას გახლეჩენ, კერძოდ, განდევნიან შინიდან მომუშავე საუკეთესო თანამშრომლებს, რომელთაც არ სურთ ნაკლებეფექტიან ადგილზე მომუშავე კოლეგებთან კონკურენცია. “მალე ზოგი კომპანია .. [ოფისს] დაუბრუნდება და ეცდებიან, მაქსიმალურ შედეგებზე გავიდნენ, მე კი ვფიქრობ, რომ გაუჭირდებათ“, – ამბობს ის.

მოდი, ვნახოთ, როგორ მუშაობს თავად GitLab-ი: ერთადერთი დრო, როცა თანამშრომლები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან, კომპანიის ყოველწიური საყოველთაო შეხვედრებია, რომლებიც ისეთ ცოცხალ და შედარებით იაფ ადგილებში იმართება ხოლმე (ყოველ შემთხვევაში, კოვიდამდელ ხანაში), როგორიც საბერძნეთია. GitLab-ის დისტანციური მუშაობის აბსოლუტიზმის კიდევ ერთ დედაბოძს რადიკალური გამჭვირვალობა წარმოადგენს. კომპანია საჯარო ონლაინსახელმძღვანელოს აქვეყნებს, სადაც დეტალურად წერია მისი მიდგომების შესახებ, პრაქტიკულად, ყველა საკითხის მიმართ. იქ ინდივიდუალური თანამშრომლების ხელფასებზე ინფორმაციას ვერ ნახავთ, მაგრამ წაიკითხავთ აღმასრულებელთა სტრატეგიულ ამოცანებს მიმდინარე კვარტალისთვის და ზუსტ ფორმულას, რითაც ხელფასების დაანგარიშება ხდება იმ 67 ქვეყანაში, სადაც GitLab-ის პერსონალი ცხოვრობს – კენიითა და მაროკოთი დაწყებული, სერბეთით დამთავრებული (ერთ ისეთ სექციასაც წააწყდებით, რომელიც გვიყვება, როგორ და როდის სჯობს, ველაპარაკოთ სიბრენდის, ერთი სექცია კი საერთოდ მის კატაზეა). ის, რაც არაა ამ სახელმძღვანელოში (რომელიც ბეჭდურ ვარიანტში 8,400 გვერდი გამოვიდოდა), სავარაუდოდ, შიდა Google Doc-შია. GitLab-ში გამართულ ყოველ შეხვედრას, სულ მცირე, ერთი ონლაინდოკუმენტი ახლავს.

სიბრენდი დოკუმენტირებას იმისთვისაც იყენებს, რომ GitLab-ის პერსონალს უხარვეზოდ მუშაობის საშუალება მიეცეს. თანამშრომლები ასინქრონულად, Slack- ის არხებსა და ვიდეოშეტყობინებებში ანახლებენ დოკუმენტებს, ჩანაწერებს აკეთებენ ან ინფორმაციას აზიარებენ. მიღებული გადაწყვეტილებები თუ გეგმები სახელმძღვანელოში ინაცვლებს, რომელიც ყველაფერს ადევნებს თვალყურს. “თუ ყოველ ჯერზე გიწევს, დაელოდო ნებართვას ან აქტივობის დასრულებას, ვიღაცამ რომ რაღაც გააკეთოს, ეს უკვე პრობლემაა“, – ამბობს ის.

სიბრენდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სტარტაპი აქვს შექმნილი – $2.8 მილიარდად შეფასებული 2019 წელს – და ისე, რომ ერთი ოფისიც კი არ ჰქონია თავისი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული 1,300 თანამშრომლისთვის. აქ ხელს ის გარემოებაც უწყობთ, რომ GitLab-ი – რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტთა ნაკრებს ქმნის დეველოპერებისთვის, რათა მათ თავიანთი აპლიკაციები შექმნან, განკარგონ და მათ საფრთხე ააცილონ, – მაღალი ტექნოლოგიის კატეგორიაში ასპარეზობს, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ ბიზნესებს გაყიდვები და მომხმარებელთან ინტერაქცია ონლაინ გადააქვთ.

საგულისხმოა, რომ სიბრენდი, კარგა ხანია, პანდემიამდელ უოფისო ვარსკვლავებშიც კი გამოირჩევა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია WordPress-ის უკან მდგარი კომპანია Automattic-ი. “ჩვენ ალბათ არ ვართ ისეთი ექსტრემალურები, როგორიც სიდია, – ამბობს დეივ მაქჯანეტი – ექსკლუზიურად დისტანციურად მომუშავე სტარტაპის, cloud-ის ინფრასტრუქტურაზე ფოკუსირებული და $5 მილიარდად შეფასებული HashiCorp-ის აღმასრულებელი დირექტორი. ასეა თუ ისე, დღეს სიბრენდის რადიკალიზმი მიმდევრებს უხვად იზიდავს. დისტანციური მუშაობის შესახებ GitLab-ის უფასო, მარტში გამოსული წიგნის ჩამოტვირთვათა რაოდენობამ 70,000-ის გადააჭარბა; თანამშრომლებზე დიდი მოთხოვნაა ვებინარებისთვის.

თავად GitLab-ის მომთაბარე სტილი ევროპაში ჩაისახა. სიბრენდი წყალქვეშა ხომალდების კომპანიაში მუშაობდა და, პარალელურად, აპლიკაციების ონლაინ მიმოხილვათა სტარტაპის მართვაშიც ეხმარებოდა სხვებს, რომ – ჰოლანდიის იუსტიციის სამინისტროსთვის ვებპროექტების განკარგვისას – ღია წყაროზე დაფუძნებულ უკრაინულ პროექტს გადააწყდა, სახელად GitLab-ს, ასობით მოხალისე კონტრიბუტორით აღჭურვილს.

2012-ში სიბრენდი მის შემქმნელებს, დმიტრი ზაპოროჟეცსა და ვალერი სიზოვს, დაუკავშირდა და უთხრა, რომ მათ პროექტზე დაყრდნობით ბიზნესის აწყობა უნდოდა. ერთი წლის შემდეგ ზაპოროჟეცი მას თანადამფუძნებლად და ტექნოლოგიურ დირექტორად შეუერთდა; დღეს ის სიბრენდის კოლეგაა ინჟინერიის მიმართულებით. სიზოვი 2014-ში დაემატათ და უფროს დეველოპერად მუშაობს. სიბრენდი GitLab-ის (სახელი Git-იდან – წყაროს კოდში ცვლილებებისთვის თვალის მიდევნების პოპულარული სისტემიდან – მოდის) კომპანიად ქცევას შეუდგა, რომელიც გაყიდდა გამოწერებს პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტებზე წვდომისათვის, ეს ინსტრუმენტები კი ღია წყაროს ტექნოლოგიით შექმნილი პროექტების მართვაში დაეხმარებოდა მომხმარებელს. 2015-ის დასაწყისში სიბრენდი, ზაპოროჟეცი, სიზოვი და მათი კიდევ ექვსი კოლეგა დროებით კალიფორნიაში შეიკრიბნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ სტარტაპების პრესტიჟულ აქსელერატორ Y Combinator-ში. ეს ერთადერთი სამი თვე იყო, რაც კი ოდესმე ერთ სივრცეში მუშობაში გაუტარებიათ.

GitLab-ელების უმრავლესობა შემდეგ ევროპაში დაბრუნდა. სიბრენდი, სტარტაპის სცენით მონუსხული და ფონდების მოზიდვაზე ორიენტირებული, მათ არ გაჰყოლია. დღეს GitLab-ს $476 მილიონი აქვს მოზიდული, რომლის დიდი უმეტესობა კვლავ კომპანიის საბუღალტრო ბალანსზეა. ის აპლიკაციათა ათი სხვადასხვა ინსტრუმენტის კომპლექტს ყიდის, ამ ინსტრუმენტების გამოყენებაც, შესაბამისად, არაერთი მიზნითაა შესაძლებელი, აპლიკაციების შექმნით დაწყებული, მათი უსაფრთხოებით დამთავრებული; ფასი, თვეში, $99-მდეა თითო მომხმარებლისთვის, რამაც გასულ წელს $75 მილიონის შემოსავალი მოიტანა 15,000-ზე მეტი კლიენტისგან, რომელთა შორისაც შეხვდებით Nvidia-ს, Siemens-სა და Goldman Sachs-ს; ეს უკანასკნელი მოგვიანებით კომპანიაში ინვესტორადაც მოგვევლინა.

კომპანიების ტრენდს ოპერაციების ონლაინ გადატანისა, განსაკუთრებით – პანდემიის დასაწყისში, სულ უფრო მზარდად გადააქვს აქტივობები cloud-ზე, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი ყვავის. მაგრამ ახლა მეტი შანსია, მომხმარებლები პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისთვის კი არ დაუკავშირდნენ GitLab-ს, არამედ მას ინტენსიური კურსი სთხოვონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართავს ეს კომპანია თავის ბიზნესს.

“ჩვენს პარტნიორებთან ინტერაქციის 10-15% მათ იმის გაგებაში ეხმარებათ, თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ“, – ამბობს ვუდვარდ ჰოჯესი – GitLab-ის არხის პარტნიორობის ვიცე- პრეზიდენტი.

მაგრამ ყველაფერი ვარდისფერ ფერებში როდია დისტანციური სამუშაოს გარშემო. სიბრენდი არ აყოვნებს იმის აღნიშვნას, თუ როგორ უჭირს, მოგზაურობა რომ არ შეუძლია; მისი თანამშრომლები თავიანთი ბავშვების მოვლის პრობლემათა წინაშე დადგნენ. GitLab-მა ამის მოგვარება პარასკევის დასვენების დღედ გამოცხადებით სცადა და, ზოგადად, შინ გატარებულ უქმეებს ახალისებს. “მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ნებისმიერი ადგილიდან კი არ ვმუშაობთ, არამედ ვმუშაობთ სახლიდან პანდემიის დროს, – ამბობს სიბრენდი. – ეს ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი პერიოდი არ არის“.

დისტანციური მუშაობის ამ სახარებას ერთი ირონიაც ახლავს: რაც უფრო მეტი კომპანია მიჰყვება GitLab-ის კვალს, მით მეტია ალბათობა, რომ საიდუმლო გამჟღავნებულია. “ჩვენ ის უპირატესობა გვქონდა, რომ დიდ ქალაქში თუ არ ცხოვრობდი, შანსები მცირე იყო, სწრაფად მზარდ კომპანიაში დაგეწყო მუშაობა. ახლა უამრავი მეტოქე გაგვიჩნდება, ეს კი ხელფასებს გაზრდის, – ამბობს სიბრენდი. – ვფიქრობ, ეს მაგარი რამეა მსოფლიოსთვის და ენთუზიაზმით ველი ამ დროს“.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.