წიგნის გამავრცელებელი ქართული კომპანია „წიგნის სამყარო“ ქართულ ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა და დღესდღეობით თბილისში 150-მდე, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქებში 100-მდე მაღაზიას ამარაგებს წიგნებით. კომპანიის დამფუძნებელი ახალგაზრდა მეწარმე, ირაკლი სებისკვერაძეა, რომლის მიზანიც მისი კომპანიის სრულად მწვანე ენერგიაზე გადაყვანაა.
„წიგნის სამყარო“ თბილისის გარეუბანში მდებარეობს და ათასობით წიგნს უყრის თავს, დაწყებული მსოფლიო კლასიკით, დამთავრებული სამეცნიერო ფანტასტიკით. ირაკლისთვის ახალი ბიზნესის შექმნის ინსპირაციად დედის საქმიანობა იქცა, რომელიც ჟურნალისტი და მწერალი იყო. სწორედ დედის წიგნების გავრცელებითა და სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის მათი შეთავაზებით დაიწყო ახალგაზრდა მეწარმემ თავისი საყვარელი საქმიანობა.
15-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, კომპანიის დამფუძნებელმა გადაწყვიტა მისი ბიზნესი სუფთა და განახლებადი ენერგიით უზრუნველყოს, რაშიც „წიგნის სამყაროს“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი დაეხმარება. „წიგნის სამყარო“ იმ 170 ქართულ კომპანიას შორის მოხვდა, რომელიც EBRD-ისა და ევროკავშირის პროგრამით დაფინანსებას მიიღებს. EU4Business- EBRD საკრედიტო ხაზი, ადგილობრივ ბიზნესში ინვესტიციების ჩადებით, მათ ტექნოლოგიურ და ენერგო განვითარებას უწყობს ხელს. „წიგნის სამყარო“ მზის პანელების დასაინსტალირებლად დაფინანსებას EBRD-ის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტისგან, პროკრედიტ ბანკისგან მიიღებს. მიღებული ინვესტიცია სრულად დააკმაყოფილებს კომპანიის საჭიროებებს.
EBRD-ი წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. მის მიერ ჩადებული ინვესტიციების საერთო მოცულობა 4 მილიარდ ევროს აჭარბებს, მისი უდიდესი წილი კი სწორედ კერძო სექტორის განვითარებაზე მოდის. რაც შეეხება ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტს, EU4Business-EBRD-ი საქართველოს გარდა სომხეთის, მოლდოვის, უკრაინის კომპანიებსაც ეხმარება, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე უფრო მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ. საკრედიტო ხაზი ხელს უწყობს ლოკალურ და საერთაშორისო სპონსორებს ინვესტიციები ჩადონ პროექტების განსავითარებლად.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „წიგნის სამყარო“ ქვეყნის მასშტაბით 250-მდე მაღაზიას ამარაგებს წიგნებით. ის უკვე 15 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 14 ადამიანი, დამატებით 8 ადამიანი კი ონლაინ-გაყიდვებზე მუშაობს, რომელიც განსაკუთრებით წარმატებული პანდემიის პერიოდში აღმოჩნდა. ირაკლი სებისკვერაძე იმედს იტოვებს, რომ მისი გადაწყვეტილება საკუთარი მცირე ბიზნესი განახლებად ენერგიაზე გადაიყვანოს, ქვეყნის სხვა მეწარმეებისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება და მსოფლიო უფრო მეტად ჯანსაღი გახდება.