ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მოსკოვსა და დასავლეთს შორის უკრაინის საკითხზე დაძაბული ურთიერთობა მსოფლიო ბაზრებზე გავლენას მიმდინარე კვირასაც იქონიებს. განსაკუთრებით ეს ნავთობის ფასებს შეეხება. რუსეთ-უკრაინის კრიზისი და მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთისგან მოსალოდნელი სანქციები ბაზარზე გაურკვევლობას ქმნის. ამჟამად ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით $91-ს შეადგენს, რამაც გასულ კვირას 2014 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი კი შვიდწლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა ($93).

ნავთობის ბაზარზე მოსალოდნელი ცვლილებების გარდა, მიმდინარე კვირას რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მონაცემი გამოქვეყნდება. კერძოდ, დიდი ბრიტანეთი და ევროზონა PMI-მაჩვენებელს გამოაქვეყნებენ, გერმანია და საფრანგეთი კი გასული წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელს გაასაჯაროებენ. პარალელურად, გერმანიის Ifo  (ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტი) ბიზნესკლიმატის ინდექსსაც გამოაქვეყნებს, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის წამყვანი ინდიკატორია.

ამას გარდა, ევროპის ცენტრალური ბანკი კვლავ განიხილავს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საკითხს. მიმდინარე კვირას არაერთი შეხვედრა და გადაწყვეტილების მიმღები პირების გამოსვლა იგეგმება. აღნიშნული საკითხი აქტიურად განიხილება ბრიტანეთშიც. ინგლისის ცენტრალური ბანკის მმართველი ენდრიუ ბეილი ოთხშაბათს პარლამენტის სახაზინო კომიტეტის წინაშე წარდგება და ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხებს.

მიმდინარე კვირას ეკონომიკური კალენდარი საქართველოშიც დატვირთული იქნება. იგეგმება 2022 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის, ადგილობრივი ექსპორტის, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე  მწარმოებელთა ფასების ინდექსის, მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსის, ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსის და ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის გამოქვეყნება. გარდა ამისა, უნდა ველოდოთ ასევე 2022 წლის იანვრის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსის, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსის და დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვებით  უზრუნველყოფის მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსის გამოქვეყნებას. დაბოლოს, საქსტატი 2021 წლის წლიურს და 2021 წლის IV კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას გამოაქვეყნებს.