ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ამერიკული მსხვილი რიტეილ-კომპანიები შემოსავლების შესახებ განახლებული მონაცემების გამოქვეყნებას აპირებენ. მათ შორის იქნებიან Walmart-ი, Home Depot-ი, Target-ი, Lowe’s-ი და Macy’s-ი. გარდა ამისა, ამერიკაში რიტეილ-გაყიდვების აპრილის მაჩვენებლები გასაჯაროვდება, რაშიც ეკონომისტები ზრდას პროგნოზირებენ. მათი მოლოდინია, რომ, ავტოგაყიდვების დამსახურებით, ზრდა 0.7%-იანი იქნება.

გარდა ამისა, აშშ აპირებს წარმოების აქტივობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებას, ასევე დაგეგმილია ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის საჯაროდ სიტყვით გამოსვლა. როგორც მოსალოდნელია, ის განაცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკის მომდევნო ორ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთებს კვლავ გაზრდიან.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, დიდი ბრიტანეთი ოთხშაბათს ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნებას აპირებს. როგორც ამ დრომდე ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, ინფლაციის ზრდა წლის ბოლო კვარტალში 10%-ზე მეტით არის მოსალოდნელი. გარდა ამისა, ბრიტანეთი მარტის უმუშევრობის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.

იტალიაში მარტის სავაჭრო ბალანსის, ხოლო იაპონიაში აპრილის სავაჭრო ბალანსის შესახებ გახდება ცნობილი. იაპონია ასევე მშპ-ის პირველი კვარტალის მონაცემებს გამოაქვეყნებს. მშპ-ის განახლებული მონაცემები გასაჯაროვდება ევროკავშირშიც, გარდა ამისა, ევროპული ბლოკი დასაქმების მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საქსტატი 2022 წლის აპრილის საარსებო მინიმუმს გამოაქვეყნებს, ასევე ცნობილი გახდება 2022 წლის I კვარტალის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა და 2022 წლის აპრილის საგარეო ვაჭრობისა და ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია 2021 წლის სამუშაო ძალის მაჩვენებლების გამოქვეყნებაც. საქსტატი კვირის ბოლოს აპირებს, გაასაჯაროოს სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2022 წლის აპრილი), მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2022 წლის აპრილი), მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2022 წლის აპრილი), ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსი (2022 წლის აპრილი), ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2022 წლის აპრილი), სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2022 წლის აპრილი), ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2022 წლის აპრილი) და მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებითა და საკვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე (2022 წლის აპრილი).