მიმდინარე კვირას მსხვილი ამერიკული კომპანიები მესამე კვარტალის შემოსავლებს გამოაქვეყნებენ. მათ შორის იქნება Tesla, Netflix-ი და Johnson & Johnson-ი. მოსალოდნელია, რომ S&P 500-ის კომპანიების შემოსავლები საერთო ჯამში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ით იქნება შემცირებული. ამასთან მათი შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი 2020 წლის მეოთხე კვარტალის შემდეგ ყველაზე ნელი იქნება.
გარდა ამისა, აშშ-ში ინდუსტრიული წარმოების, მშენებლობის ნებართვების, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ბოლო მონაცემებს გამოაქვეყნებენ.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩინეთი აპირებს მესამე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებლის გამოქვეყნებას, მოსალოდნელია, რომ ამ მხრივ ზრდა იქნება, თუმცა მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკის ზრდა მაინც ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ნელია. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2022 წელს ჩინეთის ეკონომიკა საერთო ჯამში 3.2%-ით გაიზრდება.
ჩინეთთან ერთად საინტერესო იქნება მიმდინარე კვირას იაპონურ ეროვნულ ვალუტაზე დაკვირვებაც. იენი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ამიტომ ტრეიდერები მის ცვლილებას 17 ოქტომბრის კვირაში ყურადღებით მიადევნებენ თვალს.
მიმდინარე კვირას დიდი ბრიტანეთი სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს, რომელიც, სავარაუდოდ, ორციფრიანი იქნება. გარდა ამისა, კვირის ბოლოს ბრიტანეთი რიტეილ-გაყიდვებსაც გამოაქვეყნებს, რაც, ანალიტიკოსების აზრით, იმის მაჩვენებელი იქნება, თუ როგორ შემცირდა მომხმარებელთა მხრიდან დანახარჯები.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საქსტატი 17 არაფინანსური კორპორაციის ფინანსური მაჩვენებლების გამოკვლევის შედეგებს (2021 წელი) გამოაქვეყნებს, გარდა ამისა, კვირის დასაწყისშივე ცნობილი გახდება საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის შედეგები (2021 წელი). 19 ოქტომბერს კი 2022 წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობისა და ადგილობრივი ექსპორტის მონაცემები გამოქვეყნდება. ხოლო კვირის ბოლოს მიმდინარე წლის სექტემბრის სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსი, მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი, ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსები, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი და მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე გახდება ცნობილი.