მიმდინარე კვირას ამერიკა და მთელი მსოფლიო „შავი პარასკევის“ შედეგებს შეაჯამებს. როგორც Investing.com-ი წერს, აშშ-ში „შავ პარასკევს“ ონლაინგაყიდვები 2.3%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს – 9.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. აღნიშნული რიტეილსექტორის აქციებზე დადებითად იმოქმედებს. 28 ნოემბრის კვირაში რიტეილგაყიდვების გამოქვეყნებას გერმანია, ესპანეთი, იაპონია და რუსეთიც აპირებენ. თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ოქტომბრის მაჩვენებელი გახდება ცნობილი. ასევე იაპონიაში, გერმანიაში, რუსეთსა და მთლიანად ევროკავშირში უმუშევრობის განახლებული მონაცემების გამოქვეყნებასაც ელიან.
ამასთან, მიმდინარე კვირას ევროზონის ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნებაა მოსალოდნელი. ოქტომბრის თვეში ევროზონაში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 10.6% შეადგინა, რაც ხუთჯერ მეტია ევროპის ცენტრალური ბანკის სამიზნე 2%-თან შედარებით. შეგახსენებთ, ცენტრალურმა ბანკმა, ოქტომბრის შეხვედრაზე შექმნილი ვითარების გამო, საპროცენტო განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა 15 დეკემბერსაა დანიშნული. მანამდე კი ფასებზე ინფლაციური წნეხის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.
მიმდინარე კვირას ინვესტორებისა და ტრეიდერების ყურადღება ჩინეთისკენაც იქნება მიმართული, სადაც, კოვიდშემთხვევების ზრდის გამო, ახალი ლოკდაუნები წესდება. მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ამ კვირაში PMI-მაჩვენებელსაც გამოაქვეყნებს, რაც ცხადყოფს, თუ რამდენად აღდგა ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში და რა ზეწოლას ახდენს ეკონომიკაზე კოვიდვითარება.
გარდა ამისა, იტალიაში, აშშ-ში, შვეიცარიასა და კანადაში მესამე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელი გახდება ცნობილი.
რაც შეეხება საქართველოს, საქსტატი მიმდინარე კვირის დასაწყისში სექტემბრის ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. ასევე იგეგმება ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასების, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლების (2022 წლის ოქტომბერი) და დანახარჯებისა და შემოსავლების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის გამოქვეყნება. კვირის ბოლოს კი მიმდინარე სასწავლო წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდის სახელმწიფო დაწესებულებების მაჩვენებლები გასაჯაროვდება. მიმდინარე კვირაშივე საქსტატი ნოემბრის სამომხმარებლო ფასების ინდექსსაც გამოაქვეყნებს.