ბიზნეს ეკონომიკის ეროვნული ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ეკონომისტთა უმრავლესობა (72%) მიიჩნევს, რომ ფედერალური რეზერვი მის წინაშე არსებულ უმთავრეს ამოცანას – ეკონომიკური ზრდის კრიტიკულად შენელების გარეშე ინფლაციის მოთოკვას, სათანადოდ ვერ გაართმევს თავს და მომავალი წლის შუა პერიოდში აშშ-ის ეკონომიკა რეცესიულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
გამოკითხულ ეკონომისტთა 19%-ის შეფასებით, აშშ-ის ეკონომიკა უკვე არის რეცესიაში; 20% კი მიიჩნევს, რომ რეალური რეცესია მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
ეკონომისტთა მხოლოდ 13% მიიჩნევს, რომ ფედერალური რეზერვი ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს და რეცესიის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება.
გამოკითხვა 1-9 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 200-მდე ეკონომისტმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.6%-ით შემცირდა; მეორე კვარტალში კი მშპ-ის შემცირების მაჩვენებელმა 0.9% შეადგინა.
ტრადიციული განმარტებით, რეცესია მინიმუმ ორი კვარტლის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ის მოცულობის შემცირებას და ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ წელს უკვე სახეზე ორკვარტლიანი შემცირება, დასაქმების დონის, სამუშაო ადგილების შექმნის, ხარჯვისა და კორპორაციული შემოსავლების დამაკმაყოფილებელი სტატისტიკა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამჟამად აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში არ არის.
აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებენ ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი. ქვეყნის ორი მთავარი ეკონომისტის გარდა, ზემოხსენებულ პოზიციას მხარს უჭერენ მთავრობის წარმომადგენლებიც, მათ შორის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, FED-მა რეფინანსირების განაკვეთი 2.25%-მდე გაზარდა. ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ სექტემბერში ძირითადი განაკვეთი დამატებით 75-100 საბაზო პუნქტით გაიზარდოს.