ელექტრო ავიაციის სექტორს პირველი მილიარდერი ჰყავს

ელექტრო ავიაციის სექტორს პირველი მილიარდერი ჰყავს

ელექტრო ავიაციის სექტორს პირველი მილიარდერი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო საჰაერო ტაქსების ინდუსტრია მხოლოდ რამდენიმე წელია რაც ჩამოყალიბდა, Joby Aviation-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯობენ ბევირტი უკვე მილიარდერთა სიაშია.

Joby Aviation-ი კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის აქციის ფასიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე $10.90-ია, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. რაც შეეხება მისი დამფუძნებლის ქონებას, 47 წლის ბევირტი $1.08 მილიარდს ფლობს, საიდანაც 98.7 მილიონი მის აქციებზე მოდის.

გასულ წელს, Forbes-თან ინტერვიუში ბევირტმა განაცხადა, რომ საფრენი აპარატის შექმნის იდეა მეორე კლასში დაებადა, როდესაც სკოლამდე გრძელი და რთული გზის გავლა უწევდა. როგორც მილიარდერი აღნიშნავს, სწორედ ამან აიძულა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, რომ უკეთეს გზაზე ეფიქრა. ბევირტმა, რომელიც შემდგომ კალიფორნიაში დევისის და სტენფორდის უნივერსიტეტში ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობდა, Reinvent Technology Partners-სთან თანამშრომლობისა და ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე კერძო წილის გაყიდვით 1.1 მილიარდი აშშ დოლარი მოიპოვა და ოცნებაც აიხდინა.

Joby-ის განცხადებით, მან მისი ხუთადგილიანი, ბატარეაზე მომუშავე საჰაერო ტრანსპორტით 1,000-ზე მეტი საცდელი ფრენა განახორციელა, ხოლო გასულ თვეში ერთი დამუხტვით კომპანიის მიერ დასახული მაქსიმუმის, 241 კილომეტრის დაფარვა მოახერხა.

Joby ახლა უფრო რთული გამოწვევის წინაშე დგას. კომპანიამ მისი საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოება ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას უნდა დაუმტკიცოს. Joby იმედოვნებს, რომ სერტიფიცირებას 2023 წლისთვის მიიღებს და შეძლებს სპეციალური ქარხნის განვითარებას, წელიწადში ათასობით თვითმფრინავის წარმოებას და ვერტიკალური საფრენი თვითმფრინავებისთვის შტატების ქალაქებში აეროდრომის მშენებლობას. ეს უკანასკნელი კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ არ დაუანონსებიათ.

კომპანია მნიშვნელოვან დახმარებას Toyota Motors-ისგან იღებს, რომელმაც წარმოებაში 400 მილიონის ინვესტიცია ჩადო. ინვესტორებს შორის ასევე არიან, Pinterest-ის დამფუძნებელი პოლ სკიარა, რომელმაც Joby-ში ინვესტიცია 2013 წელს ჩადო და კომპანიის აღმასრულებელი თავჯდომარეც გახდა, მილიარდერი ჯეფ სკოლის Capricorn Investment Group-ი და Intel-ი.  ბევირტი, სკიარა და სხვა ინვესტორები ჯამში Joby-ის აქციების 80%-იან წილს აკონტროლებენ. აღსანიშნავია, რომ Reinvent-ის გუნდს და სხვა ინვესტორებს, აქციების ბლოკირების გამო, 5 წლის განმავლობაში წილის მხოლოდ ტრანშებად, გარკვეული რაოდენობის გაყიდვის უფლება აქვთ. თუმცა, Reinvent-ის დამფუძნებლები წილის სრულად გაყიდვას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როდესაც  Joby-ის აქციის ფასი $50-ს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი შესაბამისად, $30 მილიარდს აცდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *