ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა პრეპანდემიურ ნიშნულს უბრუნდება

ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა პრეპანდემიურ ნიშნულს უბრუნდება

ლონდონში არსებული გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Ember-ის კვლევის თანახმად, გლობალური ელექტროენერგიის სექტორში გამოყოფილმა ნახშირორჟანგის რაოდენობამ 2021 წლის პირველ ნახევარში პრეპანდემიურ ნიშნულს გადააჭარბა.

ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და გამონაბოლქვის რაოდენობა ამჟამად 5%-ით უფრო მეტია, ვიდრე ეს კოვიდ-19-ის გავრცელებამდე იყო. 2020 წელს პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ლოკდაუნი გამოიწვია, რამაც სასათბურე გაზების გამოყოფა მნიშვნელოვნად შეამცირა. კვლევის თანახმად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნამ განახლებადი ენერგიის სექტორის ზრდასაც გადაასწრო.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის 61% 2020 წელს კვლავ წიაღისეული საწვავიდან მიიღეს. გასულ წელს G-20-ის წევრებიდან 5 სახელმწიფოს ჰქონდა საკუთარი ელექტროენერგიის 75% წიაღისეული საწვავისაგან მიღებული. საუდის არაბეთში ეს მაჩვენებელი 100%-ს უდრის, სამხრეთ აფრიკაში 89%-ს, ინდონეზიაში 83%-ს, ხოლო მექსიკასა და ავსტრალიაში 75%-ს.

2019 და 2020 წლებში ელექტროენერგიის მოთხოვნის 43%-ს ქვანახშირისაგან წარმოებული ელექტროენერგია აკმაყოფილებდა. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი წილი აქვს აზიას, რომელიც მსოფლიოს ქვანახშირისაგან წარმოებული ელექტროენერგიის 77%-ს აწარმოებს. ამ მაჩვენებლიდან 53% კი მხოლოდ ჩინეთზე მოდის, რომელმაც აღნიშნული მონაცემი 2015 წლის 44%-დან გაზარდა.

კვლევა გაფრთხილებასაც იძლევა, რომლის მიხედვითაც, ელექტროენერგიის წარმოების წყაროების ჩანაცვლების პროცესი ქვანახშირიდან სხვა ალტერნატიულ წყაროებზე ძალიან ნელა მიმდინარეობს და ეს დიდ საფრთხეს უქმნის კლიმატს. მსოფლიოში გამოყოფილი სასათბურე აირების 30% სწორედ ქვანახშირის წვაზე მოდის.