აშშ-ის მასშტაბით ელექტრომობილების ბაზარზე 65%-იანი წილით ისევ კომპანია Tesla დომინირებს, თუმცა ის დროთა განმავლობაში პოზიციას კარგავს, რადგან, შედარებისთვის, 2020 წელს ილონ მასკის კომპანია ბაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებდა.
S&P Global Mobility-ის უახლესი კვლევის თანახმად, Tesla-ს წილს ახლა უკვე სხვა კომპანიების საშუალოფასიანი ელექტრომობილები იკავებენ, მათ შორისაა: Hyundai Ioniq 5, Chevrolet Bolt, VW ID.4 და Mustang Mach-E.
ანალიტიკოსების შეფასებით, უახლოეს მომავალში Tesla ისევ გააგრძელებს ბაზარზე დომინირებას, თუმცა დროთა განმავლობაში მისი წილი შემცირდება და სხვა კომპანიების მის ჩანაცვლებას შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ელექტრომობილების ბაზარზე განსაკუთრებით მზარდი ტენდენცია ამერიკულ და კორეულ კომპანიებს აქვთ, იაპონური ავტომწარმოებლები კი პოზიციას კარგავენ.
მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილება ძირითადად ორი ფაქტორითაა განპირობებული, პირველ რიგში ეს კონკურენციის გაძლიერებას უკავშირდება, რაც მოსალოდნელიც იყო, მეორე საკითხი კი უშუალოდ კომპანია Tesla-სთანაა დაკავშირებული, რომელიც დინამიკურ ბაზართან ადაპტირებას აგვიანებს და 30,000 დოლარზე იაფიანი ელექტრომობილის გამოშვებას აჭიანურებს, რაც Chevrolet-ის მსგავს კომპანიებს ბაზრის ამ სეგმენტის ათვისების საშუალებას აძლევს.
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრემიუმ-კლასის ელექტრომობილების ბაზარზე გერმანული კომპანიების (Mercedes, BMW, Audi, Porsche) წილი სტაბილურად იზრდება, ხოლო ჩინური კომპანიები, კერძოდ, BYD და Neo უახლოეს მომავალში აშშ-ის ბაზარზე ოფიციალურად შესვლისთვის ემზადებიან.