Eli Lilly-ის ახალმა მედიკამენტმა ცდისპირების წონა 24%-ით შეამცირა

Eli Lilly-ის ახალმა მედიკამენტმა ცდისპირების წონა 24%-ით შეამცირა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly-ის საინიექციო მედიკამენტმა, რომელიც სიმსუქნესა და ჭარბწონიანობასთან საბრძოლველად შეიქმნა, კვლევისას ცდისპირების სხეულის წონა საშუალოდ 24%-ით შეამცირა. მიღებული შედეგი ნიშნავს, რომ ის მოცემული დროისთვის ხელმისაწვდომ ამ ტიპის პრეპარატებთან შედარებით ყველაზე ეფექტიანია.

New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მედიკამენტი რომელსაც რეტატრუტიდის სახელწოდებით მოიხსენიებენ, 48 კვირის განმავლობაში უმაღლესი დოზის გამოყენებისას ცდისპირებს წონის თითქმის მესამედის დაკლებაში ეხმარება.

უფრო კონკრეტულად, კვლევაში მონაწილეებმა 11 თვის განმავლობაში საშუალოდ 26 კილოგრამი დაიკლეს – ყველა მონაწილემ, ვინც უმაღლესი დოზა მიიღო, წონის მინიმუმ 5% დაკარგა, ცდისპირთა მეოთხედმა კი 30% ან მეტი.

Lancet-ში გამოქვეყნებული მეორე კვლევის შედეგების თანახმად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რეტატრუტიდმა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებში არა მხოლოდ წონის მნიშვნელოვანი შემცირება უზრუნველყო, არამედ გლიკემიის კონტროლიც გააუმჯობესა.

ამ კვლევის შემთხვევაში მონაწილეებმა ცხრა თვის განმავლობაში სხეულის წონის საშუალოდ 17% დაკარგეს. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, ვინაიდან მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულთათვის წონის დაკლება ჩვეულებრივ უფრო რთულია, ვიდრე მათთვის, ვისაც სიმსუქნე ან ჭარბწონიანობა აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ Eli Lilly-ის ეკუთვნის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი Mounjaro, რომელმაც ბოლო შედეგებით, სხეულის წონის 22.5%-ით შემცირება აჩვენა. Wegovy-სა და Ozempic-ს, თითოეულს ამ კუთხით 15%-იანი შედეგი აქვს ნაჩვენები.