ლეგენდარულმა მუსიკოსმა და მომღერალმა ელტონ ჯონმა ხუთწლიანი გამოსამშვიდობებელი საერთაშორისო ტურნე დაასრულა. Farewell Yellow Brick Road-ის ბოლო კონცერტი 76 წლის მუსიკოსმა შვედეთში გამართა.
ელტონ ჯონის Farewell Yellow Brick Road-ი 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და სამი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა პანდემიისა და სხვა საკითხების გავლენით, ტურნე რამდენჯერმე გადაიდო და საბოლოოდ, 333 ჩატარებული საერთაშორისო კონცერტის შემდგომ, მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით გაგრძელდა.
Billboard Boxscore-ის მონაცემებით, ელტონ ჯონის გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში გაყიდული ბილეთებიდან მიღებულმა შემოსავალმა $910 მილიონს მიაღწია და გახდა პირველი საკონცერტო ტურნე, რომელმაც $900-მილიონიანი ბარიერი გადალახა. ელტონ ჯონამდე რეკორდი ინგლისელი მომღერლის, ედ შირენის Divide Tour-ს ეკუთვნოდა, რომელმაც ბილეთების გაყიდვიდან $776.4 მილიონი გამოიმუშავა.
აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონი Boxscore-ის ისტორიაში, ყველა დროის ყველაზე მაღალი კარიერული შემოსავლის მქონე სოლო-შემსრულებელიცაა. Boxscore-ის უახლესი მონაცემებით, 1986 წლის შემდეგ ელტონ ჯონის მიერ გამართული მუსიკალური ტურნეების ფარგლებში, საერთო ჯამში 20 მილიონი ბილეთი გაიყიდა. გამოსამშვიდობებელი რეკორდული ტურნეს წყალობით კი მუსიკოსის მიერ კარიერის განმავლობაში გამომუშავებული მთლიანი შემოსავალი $1.928 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა საბოლოო მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ შესაძლოა $2 მილიარდსაც მიაღწიოს.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში 76 წლის მუსიკოსმა განაცხადა, იგი სამომავლოდ ტურნეების გაგრძელებას აღარ გეგმავს, თუმცა კვლავ განაგრძობს მუსიკის შექმნას, ჩაწერასა და გამოშვებას. „თქვენ ხართ ჩემს თავში, გულსა და სულში“, – სწორედ ამ სიტყვებით მიმართა სტოკჰოლმში ტურნეს ბოლო კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას მუსიკოსმა და თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა.