რეგულაციების დარღვევისთვის ჩინეთმა Ant Group-ი $985 მილიონით დააჯარიმა

რეგულაციების დარღვევისთვის ჩინეთმა Ant Group-ი $985 მილიონით დააჯარიმა

გასულ კვირას ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა Alibaba-ს მფლობელობაში არსებული Ant Group-ი რეგულაციების დარღვევის გამო $985 მილიონით დააჯარიმა. ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, კომპანია კორპორაციული მმართველობის, მომხმარებლების დაცვისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოთხოვნების რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმდა.

აღნიშნული ჯარიმა ჩინური კომპანიის წინააღმდეგ მიღებული ერთ-ერთი უდიდესი სანქციაა. როგორც ჩანს, 2020 წელს კომპანიის მიერ აქციების საფონდო ბირჟაზე $37 მილიარდად განთავსების წარუმატებელ მცდელობასთან დაკავშირებული ფინანსური არეულობა საბოლოოდ სრულდება. მოგეხსენებათ, სახელმწიფო მარეგულირებლებმა Ant Group-ს საკუთარი აქციები საფონდო ბირჟაზე განთავსების უფლება არ მისცეს.

ცნობისთვის, Alibaba Ant Group-ის 33%-იანი წილის მფლობელია. ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა კი ორივე კომპანიის დამფუძნებელი გახლავთ.

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდია კომპანიას მარეგულირებლებთან პრობლემები აღარ აქვს და სამთავრობო უწყებებისაგან ფინანსური ბიზნესის გაფართოების ნებართვაც მიიღო. შესაბამისად, ჩნდება მოლოდინები, რომ ჩინეთის მთავრობა ადგილობრივ კერძო ინდუსტრიასთან ხისტ მიდგომებს შეცვლის.

შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის დროს ჩინეთის მთავრობამ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებსა თუ დიდ კორპორაციებს ხელოვნური პრობლემები შეუქმნა. აშშ-სთან ეკონომიკური დაპირისპირების ფონზე, სი ძინპინმა კერძო სექტორის მაქსიმალურად რეგულირების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მრავალი დიდი კორპორაციის ფინანსური პრობლემები მოჰყვა.