ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა მონეტარული ოქრო შეიძინა

ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა მონეტარული ოქრო შეიძინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო შეიძინა. სებ-ის ინფორმაციით, ოქრო საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ის ამჟამად ლონდონშივე ინახება.

ეროვნული ბანკის განცხადებით, შეძენილი ოქროს მოცულობა, დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. როგორც ირკვევა, აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.

„უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი – ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო და სასურველი აქტივი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს და მეორე – ოქრო პორტფელის დივერსიფიცირების კარგ საშუალებად მიიჩნევა.

მიმდინარე ეტაპზე მსოფლიო მასშტაბით, მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 სწორედ ოქროშია განთავსებული, ხოლო ცენტრალური ბანკები მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკებმა სულ 1037 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც მასზე მთლიანი მოთხოვნის 28%-ს შეადგენს. მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ოქრო პოლონეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა დააგროვეს. ბოლო მონაცემებით, 2023 წელს ოქროს რეზერვების მოცულობა 1.3%-ით გაიზარდა. ჯამური ოქროს რეზერვების მეოთხედს კი აშშ-ი ფლობს – 25.4%, გერმანია – 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი – 7.6%-ს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შიდა სავალუტო ბაზარზე რეკორდული მოცულობის – $1.5 მლრდ-ის დოლარი შეიძინა, რამაც რეზერვების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. ამან კი პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების დამატების შესაძლებლობა მისცა.