მარადონას მაისური აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

მარადონას მაისური აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

მაისური, რომელიც ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ მატჩის დროს ეცვა, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად, $9.3 მილიონად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა მარადონამ საკამათო გოლი, რომელსაც „ღმერთის ხელი“ შეარქვეს.

Sotheby’s-ის ცნობით, მაისურისთვის უმაღლესი შეთავაზება დაახლოებით 8.9 მილიონი აშშ დოლარი იყო, რომელიც საკომისიოების გათვალისწინებით $9.3 მილიონამდე გაიზარდა. ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რაც კი აუქციონზე სპორტულ სამახსოვრო ნივთში ოდესმე გადაუხდიათ. აქვე გეტყვით, რომ მარადონას 10-ნომრიანი მაისურის გაყიდვას სააუქციონო სახლი მინიმუმ $5.2 მილიონად იმედოვნებდა.

აუქციონზე მაისური ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, სტივ ჰოჯმა გამოიტანა. მან 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფეხბურთში არსებული ტრადიციის შესაბამისად, საკუთარი მაისური არგენტინელ ლეგენდას გაუცვალა. შეგახსენებთ, რომ მატჩი სამხრეთამერიკელების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. შედეგად, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც მან გერმანია დაამარცხა.

სწორედ ჰოჯი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც შემთხვევით ბურთი მარადონასკენ გაუშვა, არგენტინელმა კი ის მუშტის დახმარებით ინგლისელთა კარში გაგზავნა. ბუნებრივია, ეს თამაშის წესის დარღვევა იყო, თუმცა მსაჯებს აღნიშნული მომენტი გამოეპარათ და გოლი ჩაითვალა. სულ რაღაც ოთხი წუთის შემდეგ მარადონამ ინგლისს კიდევ ერთი გოლი გაუტანა. 2002 წელს ფეხბურთის ქომაგებმა ის „საუკუნის გოლად“ დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის დელეგაცია მიმდინარე კვირაში ლონდონში გაემგზავრა, რათა მარადონას ოჯახის სახელით აუქციონი შეეჩერებინა. როგორც გამოცემა The Sun-ი იტყობინება, დელეგაციის წევრები შეეცადნენ, სტივ ჰოჯი დაერწმუნებინათ, მათთვის მაისურის არგენტინაში დაბრუნებისა და ბუენოს-აირესის მუზეუმში გამოფენის საშუალება მიეცა.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ამ დრომდე ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო მაისური, რომელიც აუქციონზე გაიყიდა, ერთ დროს პელეს ეკუთვნოდა. ის ბრაზილიელ ლეგენდას 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეცვა, როდესაც ბრაზილიამ იტალია დაამარცხა. პელეს 10-ნომრიანი მაისური 2002 წელს ლონდონში გამართულ აუქციონზე 225,109 აშშ დოლარად გაიყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *