ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კოვიდ-19-ის ლოქდაუნი არაკონსტიტუციურად ცნო. გადაწყვეტილების მიხედვით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეზღუდვის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ. თუმცა სასამართლო არ განიხილავს იზოლაციის ვალდებულების გამო ბიზნესების მიერ დაკარგული თანხის ანაზღაურებას.
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 14 მარტს გამოაცხადა, რათა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შეემცირებინა. იმ დროისთვის კოვიდ-19-ის შემთხვევები ხშირი იყო. ადამიანთა დიდ ნაწილს სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია. ამასთანავე, სწრაფად იზრდებოდა გარდაცვლილთა რაოდენობა. დღევანდელი მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 81,000 ადამიანი გარდაიცვალა.
საგანგებო მდგომარეობისას ადამიანებს ევალებოდათ, მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზით დაეტოვებინათ სახლი. ყველა ბიზნესი, გარდა აუცილებელი პროდუქტის მიმწოდებლებისა, დახურული იყო. აღნიშნული წესები 2020 წლის ივნისამდე გაგრძელდა.
უზენაესმა სასამართლომ მცირე უმრავლესობით, ექვსი ხუთის წინააღმდეგ, არაკონსტიტუციურად ცნო ლოქდაუნი. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება შემდეგნაირად განმარტეს: გასათვალისწინებელია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას მთავრობას პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება. სასამართლოს შენიშვნით, მთავრობას მსგავსი ფუნდამენტური უფლებების შესაზღუდად პარლამენტის თანხმობა სჭირდებოდა.