Estée Lauder-ი კომპანია Tom Ford-ს $2.8 მილიარდად ყიდულობს

Estée Lauder-ი კომპანია Tom Ford-ს $2.8 მილიარდად ყიდულობს

დიზაინერ, რეჟისორ, კოლექციონერ და მოდის სამყაროს ექსპერტ ტომ ფორდს ახლა უკვე შეუძლია საკუთარ მრავალფეროვან წოდებებს მილიარდერი მეწარმეც დაამატოს.

მიმდინარე კვირას საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ კოსმეტიკის მწარმოებელი უმსხვილესი ჰოლდინგი Estée Lauder-ი კომპანია Tom Ford-ს 2.8 მილიარდ დოლარად ყიდულობს.

ამერიკელმა დიზაინერმა კომპანია Tom Ford-ი ნიუ-იორკში 2005 წელს დააფუძნა, მას შემდეგ, რაც მან მოდის სახლ Gucci-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

Tom Ford-ი სამოსისა და აქსესუარების წარმოებითაა დაკავებული, თუმცა კომპანიის უმთავრეს შემოსავლის წყაროს პარფიუმერია და თავის მოვლის საშუალებები წარმოადგენს. საშუალოდ Tom Ford-ი წლიურად 650 მილიონი დოლარის შემოსავლის გამომუშავებას ახერხებს, წლიდან წლამდე კი ზრდის მდგრადი ტენდენცია ფიქსირდება.

გარიგების დასრულების შემდეგ, Estée Lauder-ი კომპანია Tom Ford-ის ახალი მფლობელი და მმართველი გახდება. ჰოლდინგის წარმომადგენლობის განმარტებით, Tom Ford-ი დამატებით ინვესტიციას და საოპერაციო კაპიტალს მიიღებს, რაც კომპანიას პროდუქციის ზრდისა და გაფართოების საშუალებას მისცემს.

Estée Lauder-ი ნიუ-იორკში 1946 წელს დაფუძნდა და ის კოსმეტიკის გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, L’Oréal-ის გვერდით. ჰოლდინგი ათამდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს, მათ შორისაა: Estée Lauder, Aramis, Clinique, Lab Series, Origins, M·A·C, La Mer, Bobbi Brown, Aveda, Jo Malone London და Darphin Paris.

ცნობისთვის, ტომ ფორდი წარმატებული რეჟისორიცაა, 2010 წელს მის მიერ გადაღებული ფილმით – A Single Man, ბრიტანელი მსახიობი კოლინ ფერთი ოსკარზე იყო ნომინირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *