ევროკავშირში ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ევროკავშირის „ტარიფების ომი“ გავლენას $9.5 ტრილიონის ღირებულების ბიზნესზე მოახდენს. ორგანიზაციის 2024 წლის ტრანსატლანტიკური ეკონომიკის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს აშშ-სა და ევროკავშირს შორის ვაჭრობამ რეკორდულ ნიშნულს, $2 ტრილიონს მიაღწია. აქ იგულისხმება როგორც პროდუქციით, ისე სერვისებით ვაჭრობა.
ევროკავშირში აშშ-ის სავაჭრო პალატის განმარტებით, 2025 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდ კომერციულ პარტნიორობას საფრთხე ემუქრება, რისი მიზეზიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ერთმანეთისათვის დაწესებული ტარიფებია.
შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ევროკავშირის ალუმინსა და ფოლადზე ტარიფები აამოქმედა, რასაც ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ტარიფების დაწესება მოჰყვა. ამის საპირწონედ, დონალდ ტრამპი ევროკავშირს სპირტიან სასმელებსა და ღვინოზე 200%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.
ტრამპის განმარტებით, მისი მიზანი ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრაა. მიუხედავად იმისა, რომ სერვისების მიწოდებაში აშშ-ს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს, საქონლის მიწოდებაში დეფიციტი დიდია. სწორედ ამიტომ, დონალდ ტრამპი მწარმოებლებს პროდუქციის აშშ-ში შექმნისაკენ მოუწოდებს, რათა შემდეგ იმპორტის საჭიროება აღარ არსებობდეს.
AmCham-ის განმარტებით, ვაჭრობა ტრანსატლანტიკური კომერციული აქტივობის მხოლოდ ნაწილია და რეალური დატვირთვა ინვესტიციებზე მოდის. „აშშ და ევროკავშირი ინვესტიციების უმეტესობას სწორედ ერთმანეთს შორის ახორციელებს და არა განვითარებულ ბაზრებზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. საინტერესოა, რომ ამერიკული კომპანიების უცხოური შვილობილი ორგანიზაციების გაყიდვები ოთხჯერ აღემატება აშშ-ის ექსპორტის მაჩვენებელს ევროპაში, ხოლო ევროპული კომპანიების უცხოური შვილობილი ორგანიზაციების გაყიდვები სამჯერ აღემატება ევროპის ექსპორტის მაჩვენებელს აშშ-ში.