ევროკავშირის განცხადებით, ციფრული კომპანიებისათვის გადასახადის დაწესების გეგმის განხორციელება დროებით შეჩერდება. მიზეზი გლობალური ძალისხმევაა მინიმალური საკორპორაციო გადასახადის 15%-ზე შეთანხმებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა დიდი ოცეულის სამიტზე მსოფლიო ფინანსური ლიდერების შეხვედრის შემდეგ მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ გეგმის დროებით შეჩერება ხელს შეუწყობს საერთაშორისო შეთანხმების უფრო მალე მიღწევას.
საინტერესოა, რომ გადაწყვეტილებას არ იწონებს ირლანდია, რომელსაც 12.5%-ის ოდენობის მინიმალური საგადასახადო ტვირთი სურს.
ევროკავშირის განცხადება ბრიუსელში ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო მდივნის (ფინანსთა მინისტრის), ჯანეტ იელენის, ვიზიტს დაემთხვა. მან ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს გლობალური შეთანხმების მიღწევაში მონაწილეობის მიღება მოსთხოვა.
საკორპორაციო გადასახადის შემოღების აუცილებლობას მისი ინიციატორი სახელმწიფოები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ამჟამად მულტიეროვნულ კორპორაციას შეუძლია, რომ დაბალი საკორპორაციო გადასახადის მქონე ქვეყანაში აწარმოოს საკუთარი საქმიანობა და, შესაბამისად, ამ გზით მეტი მოგება ნახოს. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი სამართლებრივად მხოლოდ იმ სახელმწიფოს საგადასახადო სისტემის წინაშე არიან, რომელშიც ოპერირებენ, იმისდა მიუხედავად, რომ მათი მოგების დიდ წილს შესაძლოა, სხვა ტერიტორიებზე მიღებული შემოსავალი შეადგენდეს. ამგვარად დღეს მსოფლიოში არსებული დიდი კორპორაციების უმეტესობა მოქმედებს და ეს არ ეწინააღმდეგება სამართლებრივ ჩარჩოებს.
თუმცა აღნიშნული კანონის ინიციატორ სახელმწიფოებს ეს არასამართლიანად მიაჩნიათ. მათი აზრით, გლობალური საკორპორაციო გადასახადი უთანასწორო სიტუაციას გამოასწორებს. გარდა ამისა, ის არ მისცემს საშუალებას სახელმწიფოებს, განზრახ შეამცირონ საგადასახადო წნეხი საკუთარ ტერიტორიაზე მულტიეროვნული კომპანიების მოსაზიდად.