ლიკვიდირებული ბიზნესსუბიექტები | 2020-2021 წლების სტატისტიკა

ლიკვიდირებული ბიზნესსუბიექტები | 2020-2021 წლების სტატისტიკა

2021 წლის პირველ კვარტალში სულ 920 ბიზნესსუბიექტის ლიკვიდაცია მოხდა, რომელთაგან ყველაზე მეტი – 60  – არასპეციალიზებულ მაღაზიებში საცალო ვაჭრობით იყო დაკავებული და მათ გასაყიდ საქონელს უპირატესად საკვები პროდუქტები, სასმელები ან თამბაქოს ნაწარმი წარმოადგენდა; 17-ის საქმიანობა საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტით მომსახურება იყო, ხოლო 14-ისას სარესტორნო და საკვებით მობილური მომსახურება წარმოადგენდა.

Forbes Georgia-ს მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს ლიკვიდირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 3 115-ით ნაკლებია. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს 4 457 ბიზნესსუბიექტმა შეწყვიტა საქმიანობა, 2019 წელს კი – 7 572-მა.

ამასთან, როგორც 2019, ისე 2020 წლებში ყველაზე მეტი ლიკვიდირებული ბიზნესის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სწორედ საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში  უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით (2019 წელი – 399, ხოლო 2020 წელი – 258).

2020 წელს, პანდემიის პირობებში, არასპეციალიზებულ მაღაზიებში საცალო მოვაჭრეების გარდა, ყველაზე მეტი რაოდენობით საქმიანობა შეწყვიტა საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავებასა და მართვაში (50 სუბიექტი) და საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ჩართულმა ბიზნესმა (44). სავარაუდოა, რომ აღნიშნული შესაძლოა კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შედეგიც იყოს.

აღსანიშნავია, რომ როგორც 2021 წლის პირველ კვარტალში, ისე 2020 და 2021 წლებში ათასობითაა ლიკვიდირებული ისეთი ბიზნესსუბიექტი, რომელთა საქმიანობა, საქსტატის მონაცემების მიხედვით, უცნობია.

დანართი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.