გაეროს ანგარიში: პანდემიისას მსოფლიოში შიმშილობის მაჩვენებელი გაიზარდა

გაეროს ანგარიში: პანდემიისას მსოფლიოში შიმშილობის მაჩვენებელი გაიზარდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, შარშან მსოფლიოში მკვეთრად გაუარესდა შიმშილობისა და არასრულფასოვანი კვების დონე, რისი მიზეზიც, უმეტესწილად, კოვიდ-19-ის პანდემიაა.

ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რამდენიმე სააგენტომ მოამზადა. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მსოფლიო სურსათის პროგრამისა (WFP) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ერთობლივი კვლევით დადგინდა, რომ შარშან არასრულფასოვნად 768 მილიონი ადამიანით მეტი იკვებებოდა, რაც მსოფლიო მოსახლეობის 10%-ს უდრის. მაჩვენებელი 118 მილიონითაა გაზრდილი 2019 წელთან შედარებით.

მოხსენების წინასიტყვაობაში, სააგენტოების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ, სამწუხაროდ, პანდემია განაგრძობს მსოფლიო სასურსათო სისტემის სისუსტეებისათვის დარტყმების მიყენებას, რაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

მართალია, არასრულფასოვნად გამოკვებილი ადამიანების ნახევარზე მეტი (418 მილიონი ადამიანი) აზიის კონტინენტზე ცხოვრობს, მაგრამ მაჩვენებლის მკვეთრი მატება აფრიკაში შეინიშნება. კონტინენტზე, ყველა სხვა რეგიონთან შედარებით, მაჩვენებელი ორმაგად და მეტად გაიზარდა. ამჟამინდელი მონაცემებით, აფრიკის კონტინენტის მოსახლეობის მესამედზე მეტი (282 მილიონი ადამიანი) არასრულფასოვნად იკვებება.

ყველაზე მეტად აღნიშნული პრობლემით ბავშვები ზარალდებიან. 768 მილიონი ადამიანიდან 149 მილიონი სწორედ მცირეწლოვანი  ბავშვები არიან.

2010 წლიდან მოყოლებული სურსათსა და სრულფასოვან კვებაზე წვდომა სწრაფი  ტემპით უარესდებოდა. ამის მიზეზად მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისები, კონფლიქტები და ამჯერად პანდემიაც სახელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *