ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე აშშ-ის მიერ დაწესებული 25%-იანი ტარიფების საპასუხოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეერთებული შტატებისთვის პროდუქციის ფართო სპექტრზე ასევე 25%-იანი გადასახადის შემოღებაზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ პროდუქციას შორის იქნება ნუში, ფორთოხლის წვენი, ფრინველი, სოია, ფოლადი, ალუმინი, თამბაქო, იახტები და სხვა.
ეს ევროპის პირველი საპასუხო ზომებია სავაჭრო ომში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გლობალურად თავისი პარტნიორების წინააღმდეგ წამოიწყო. შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში ტრამპმა 180 ქვეყნისთვის საპასუხო ტარიფების გეგმა წარმოადგინა. თითოეული ქვეყნისთვის იმპორტზე გადასახადი ინდივიდუალურად განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთმა აშშ-ისთვის საპასუხო ტარიფების დაწესების გეგმას მხარი არ დაუჭირა. საფრანგეთმა, ირლანდიამ და იტალიამ კი მიზნობრივი პროდუქტების სიიდან ბურბონი ამოიღეს. ამის მიზეზი ტრამპის მუქარა გახდა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპასუხოდ ევროპულ ალკოჰოლზე 200%-იან ტარიფს დააწესებდა.
„ის [ევროკავშირის ტარიფები] შეიძლება ნებისმიერ დროს შეჩერდეს, თუ აშშ სამართლიან და დაბალანსებულ მოლაპარაკების შედეგს დათანხმდება“, – განაცხადა ევროკომისიის სავაჭრო მიმართულების სპიკერმა, ოლოფ გილმა, X-ზე.
ეს საპასუხო ზომები ევროკავშირის მხრიდან აშშ-ის სავაჭრო ომზე პირველი ნაბიჯიa. ალუმინისა და ფოლადის გარდა, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ 25%-იანი საბაჟო გადასახადი დააწესა ევროკავშირის ავტომობილებზე, ასევე 20%-იანი “საპასუხო” ტარიფი ევროკავშირის ყველა სახის პროდუქტის იმპორტზე.
ევროკავშირის მიერ აშშ-ისთვის დაწესებული ახალი ტარიფები 15 აპრილიდან 1-ელ დეკემბრამდე პერიოდში ამოქმედდება, რაც მოლაპარაკებებისთვის დროის გათვალისწინებით.