ევროკავშირის წესებმა შესაძლოა Nord Stream 2-ის შესაძლებლობები გაანახევროს

ევროკავშირის წესებმა შესაძლოა Nord Stream 2-ის შესაძლებლობები გაანახევროს

გერმანიის რეგიონული სასამართლოს 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა შესაძლოა Nord Stream 2-ის შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარი გამოიყენოს. ბლუმბერგის ინფორმაციით, გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული რეგულაციების მიხედვით, გაზსადენის გამტარუნარიანობის ნახევარი აუქციონის მეშვეობით მესამე პირმა უნდა შეიძინოს იმისათვის, რათა მას ევროპის ტერიტორიაზე ოპერირების საშუალება მიეცეს.

თუმცა, რუსეთში გაზის სხვა ექსპორტიორები გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მონოპოლისტი გაზპრომისა, არ არსებობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაზპრომს მხოლოდ 27.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გაგზავნა შეეძლება გაზსადენში ყოველწლიურად. ხოლო Nord Stream 2-ის მაქსიმალური წლიური გამტარუნარიანობა 55 მილიარდი კუბური მეტრია.

გერმანიის რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა პროექტის ექსპლუატაციაში ჩაშვება დროებით შეაჩეროს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 20 აგვისტოს მონაცემებით, გაზსადენის მხოლოდ 15 კილომეტრიანი ნაწილის დასრულება იყო დარჩენილი.

უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გაზის დისტრიბუტორი კომპანიის, Naftogaz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იური ვიტრენკომ და უკრაინის გაზის გადაცემის ოპერატორის ხელმძღვანელმა, სერგი მაკოგონმა, გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილება საჯაროდ მოიწონეს.

ევროპული კანონების თანახმად, ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის გაზსადენი გაზპრომისაგან დამოუკიდებელ სისტემურ ოპერატორად უნდა კვალიფიცირდეს, რათა უზრუნველყოს ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია.

მას შემდეგ, რაც გაზი მილსადენში ჩაეშვება, ევროკავშირის რეგულაციების დარღვევისათვის გაზპრომი და Nord Stream 2 შესაძლოა დაჯარიმდნენ.

პროექტის დასრულების შემდეგ, რუსეთს შეეძლება საკუთარი გაზი მილსადენის დახმარებით უკრაინის გვერდის ავლით გერმანიას მიაწოდოს. ამით კი რუსეთი უკრაინას სატრანზიტო გადასახადების სახით ყოველწლიურად 1.5 მილიარდ დოლარს წაართმევს.