ევროკომისიამ Apple-თან, Meta-სა და Google-ის მშობელ კომპანია Alphabet-თან დაკავშირებით ციფრული ბაზრების აქტის (DMA) ფარგლებში გამოძიება დაიწყო. ახალი კანონი, რომელიც ძალაში რამდენიმე დღის წინ შევიდა, დომინანტური ონლაინ პლატფორმების ძალაუფლების შესამცირებლად არის შემუშავებული.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო სწავლობს, ანიჭებს თუ არა Google-ი სისტემაში ძიებისას უპირატესობას საკუთარ პროდუქტებს. გარდა ამისა, ის იკვლევს Apple-ის წესებს App Store-ის მართვასთან დაკავშირებით და Safari-ის შესახებ საკითხებს. Meta-ს შემთხვევაში ევროკომისია „გადახდის ან თანხმობის“ ნორმებს შეისწავლის, რომლითაც Facebook-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ ყოველთვიური გადასახადი, რათა მიზანმიმართული რეკლამები თავიდან აიცილონ.
Apple-ი მიიჩნევს, რომ მისი პრაქტიკა DMA-ს შეესაბამება. Meta-ს სპიკერმა კი განაცხადა, რომ კომპანია „განაგრძობს კონსტრუქციულ თანამშრომლობას კომისიასთან“ და დასძინა, რომ მისი სააბონენტო სერვისი სწორედ მარეგულირებლების მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის DMA-ის მოთხოვნებზე საპასუხოდაა შექმნილი. Alphabet-მა, Google-ის მშობელმა კომპანიამ, ასევე განაცხადა, რომ მან ახალი კანონის შესაბამისი ცვლილებები უკვე განახორციელა და კომისიასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
ცნობისთვის, ევროკომისია გამოძიების თორმეტ თვეში დასრულებას ისახავს მიზნად. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა დასახელებული კომპანიები მათი მსოფლიო ბრუნვის 10%-მდე თანხით დაჯარიმდნენ.